105 წლის ჯულია ჰოკინსმა 100 მეტრზე სირბილში, არა მხოლოდ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, არამედ ახალი ასაკობრივი კატეგორიაც ჩამოაყალიბა. ამერიკელმა სპრინტერული დისტანცია წუთზე ოდნავ მეტში გაირბინა. და მან 105 და მეტი წლის ქალ მორბენალთა ახალი კატეგორიაც ჩამოაყალბა.
ეს ჰოკინსის პირველი რეკორდი არაა. მას 100-104 წლის ქალთა შორის, 50 და 100 მეტრზე სპრინტშიც აქვს რეკორდები დამყარებული (2017 წელს). თუმცა, 100 მეტრზე რეკორდი მას შემდეგ გაუმჯობესდა. ახალი რეკორდი სექტემბერში დაიან ფრიდმანმა დაამყარა.
რადგან 100-104 წლის ასაკის რეკორდი დაკარგა და მის დაბრუნებას ვეღარ შეძლებდა, ჰოკინსმა ახალი ასაკობრივი კატეგორიის ჩამოყალიბება და იქ რეკორდის დამყარება გადაწყვიტა. და ეს შეძლო კიდეც. ლუიზიანაში ჩატარებული შეჯიბრის დროს, ასი მეტრი წუთსა და 02:95 წამში გაირბინა. თუმცა ამით უკმაყოფილო დარჩა. თურმე სურდა, რომ ფინიშამდე წუთზე ნაკლებში მიეღწია.
„საოცარი იყო, აქ ოჯახის ამდენი წევრის და მეგობრების ხილვა. მაგრამ მინდოდა, გარბენი წუთზე ნაკლებში დამესრულებინა“, - განაცხადა საოცარმა ქალბატონმა. სხვათა შორის, აქამდე 105 წელზე მეტი ასაკის კატეგორიაში, მხოლოდ ორ ადამიანს უასპარეზია და ორივე მამაკაცია - სტანისლავ კოვალსკი, ვინც ახლა 111 წლისაა და სპრინტის გარდა, ბირთვის კვრა და ბადროს ტყორცნაც ეხერხება და იაპონელი ჰიდეკიჩი მიიაზაკი, ვინც ახლა ასევე 111 წლის უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ორი წლის წინათ დატოვა ეს ქვეყანა.
ჰოკინსმა განაცხადა, რომ მომავალ წელსაც გეგმავს ასპარეზობას.







