გიორგი ცინცაძის “მზტ სკოპიე აეროდრომმა” ადრიატიკის ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა. მაკედონიურმა კლუბმა შინაურ “იანე სანდანსკიზე” ხორვატული “ზადარი” მიიღო და ქართველი კალათბურთელის დახმარებით 72:58 იმარჯვა. მასპინძლებმა გამარჯვებას საფუძველი პირველივე მეოთხედში ჩაუყარეს, რომელიც 23:9 მოიგეს.
გასული თამაშის მსგავსად, ცინცაძემ თითქმის შეუცვლელად, 37:21 წუთს იასპარეზა და 13 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 9-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.
სკოპიელთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს ცვეტკოვიჩი (16) და მარინკოვიჩიც (13) ასცდნენ, სათამაშო დრო კი ქართველ გამთამაშებელს ყველაზე მეტი ჰქონდა. ცინცაძის კლუბს ადრიატიკის ლიგაში მომდევნო მატჩი 12 ოქტომბერს ელის, როდესაც პოდგორიცაში ჩერნოგორიულ “ბუდუჩნოსტს” ესტუმრება.







