ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბარის თხილამურებში, 31 წლის ნორვეგიელი ინგვილდ ფლუგსტად ოესტბერგი, პეკინს ზამთრის თამაშებზე ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია.
ნორვეგიის სათხილამურო სპორტის ფედერაციის (NSF) ინფორმაციით, ოესტბერგი, ვინც პირველი ოქროს მედალი სოჭის 2014 წლის ზამთრის თამაშებზე, გუნდურ სპრინტში მოიპოვა, პიონჩანის 2018 წლის თამაშებზე კი ჩემპიონი ქალთა შორის 4x5 კმ-ზე ესტაფეტაში გახდა, ოლიმპიადის გარდა, ბარის თხილამურობის ტურსაც გამოტოვებს.
ოესტბერგს ეს პრობლემები ადრეც აწუხებდა, რის გამოც, ნორვეგიის ნაკრებში ორი წელი ვერ იასპარეზა. ის ნოემბერში დაბრუნდა, მაგრამ ფიზიკური ტესტების გავლის შემდეგ დადგინდა, რომ ძალები საკმარისად აღდგენილი არ აქვს.
„პირველი რბოლების შემდეგ, მას შემოწმება ჩაუტარდა, რამაც გამოავლინა, რომ ინგვილდს ძალების აღსადგენად, მეტი დრო სჭირდება. ეს კი ნიშნავს, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლა მისთვის მეტისმეტად ნაადრევი იქნება“, - ნათქვამაი NSF-ის სამედიცინო დირექტორ ოეისტეინ ანდრსენის განცხადებაში.
„რაც შემეძლო, ყველაფერი ვიღონე, თავი არ დამიზოგავს. თავს კარგად ვგრძნობ და შეჯიბრებში მონაწილეობაც ისევ სიამოვნებას მანიჭებს. მაგრამ ვერაფერს გავაწყობ. ისღა დამრჩენია, გავაგრძელო და იმედი არ დავკარგო“, - განაცხადა ოესტბერგმა, ვინც 2019 წელს მსოფლიო თასს აბსოლუტურ ჩათვლაში დაეუფლა.







