ნორვეგიელმა იოჰანს თინგნეს ბო ჯერაც იზოლაციაშია, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა იმაში, რომ ბიათლონის 4x6 კმ-ზე შერეულ (ქალები და კაცები ერთად) ესტაფეტაში, თავისი გუნდისთვის გამარჯვება მოეპოვებინა. და ეს მაშინ, როცა მისი ჯერის დადგომისას, გამარჯვების შანსი თითქმის დაკარგული იყო.
ბომ სპრინტერულ ფინიშში შეძლო ფრანგი და რუსი მეტოქეების, ჩამოტოვება და ნორვეგია ოქროს მედალს დაეუფლა. ფრანგები გამარჯვებულებს 0.9 წამით ჩამორჩნენ და ვერცხლს დასჯერდნენ, რუსებს კი ბრინჯაო ერგოთ.
ბო იზოლაციაში იმის გამო იყო, რომ კოვიდ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. მაგრამ ინდივიდუალური ვარჯიშის უფლება მაინც მისცეს. „მე ვარჯიში შემიძლია და ნორვეგიას ოქროს მოვაპოვებინებ“, განცხადა ბომ შეჯიბრის წინ. მისთვის ეს მეორე ოლიმპიური ოქროა. პირველს პიონჩანში, 20 კილომეტრზე რბოლაში დაეუფლა. გამარჯვების შემდეგაც, ის თანაგუნდელებისგან იზოლირებული იყო.
ნორვეგიელთაგან ასპარეზობა მარტე ოლსბუ როისელანდმა დაიწყო, ვისაც სათხილამურო ჯოხებთან და შაშხანასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, თუმცა ამის მიუხედავად, თავისი გამოსვლა ლიდერის რანგში დაასრულა. შეცვილსას, ის უახლოეს მდევარ იტალიის გუნდს 21 წამს უგებდა. მაგრამ ტირილ ეკჰოფმა რამდენიმე გასროლა სამიზნეს ააცილა, რითაც ისარგებლა იტალიელმა დოროთეა ვიერერმა და დაწინაურდა.
მეორე შეცვლის შემდეგ, საფრანგეთი დაწინაურდა. იტალიამ მეორეზე გადაინაცვლა, მესამე ადგილზე კი შვედეთი იყო. სამივე გუნდის წევრებმა ზუსტად ისროლეს და საბოლოოდ, ფრანგი ემილიენ ჟაკლინი 22.7 წამით დაწინაურდა. ნორვეგია ამ დროს საგრძნობლად ჩამორჩა და თითქოს, კვარცხლბეკის შანსიც აღარ ჰქონდა.
ბომ ესტაფეტა თავისი ძმის, ტარჯეისგან ჩაიბარა და სწრაფად აღმოფხვრა ჩამორჩენა. მეტოქეებს კი საფინიშო სწორზე, გიჟურ რბოლაში გაასწრო და ხაზიც პირველმა გადაკვეთა.









