უკვე ათ წელზე მეტი გავიდა, რაც ავსტრალიელებს ზამთრის ოლიმპიადებზე ოქროს მედალი მოპოვებული არ ჰქონდათ. დღეს კი მათთვის ეს არასასიამოვნო ტრადიცია დაირღვა. ეს კი ქალთა თავისუფალი სტილით მოგულში მოხდა, სადაც ჯაკარა ენტონიმ გაიმარჯვა, ვინც ბოლო გამოსვლაში, ფრანგი ოლიმპიური ჩემპიონი, პერინ ლაფონტი დაამარცხა.
ენტონიმ პიონჩანში მეოთხე ადგილი დაიკავა. ლაფონტთან დაპირისპირების წინ მან განაცხადა, რომ ნებისმიერი შედეგით კმაყოფილი იქნებოდა. ავსტრალიელმა ბოლო გამოსვლაში 83.09 ქულა დააგროვა, რაც ილეთ „კორკ 720-ის“ კარგად შესრულების წყალობით შეძლო. არადა, ამ ილეთის გამოყენება ამ სეზონში დაუწყია.
„მეცხრე ცაზე ვარ. ძალიან, ძალიან ვამაყობ იმით, რასაც ამ საღამოს მივაღწიე“, - განაცხადა ენტონიმ. ავსტრალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ ეს ქვეყნისთვის ზამთრის ოლიმპიადებზე ყველაზე გამორჩეული დღეა.
ვერცხლის მედალს ამერიკელი ჯეილინ კაუფი დაეუფლა, ვინც ბოლო გამოსვლისას 80.28 ქულა დააგროვა. ბრინჯაოს მედალი კი რუსმა ანასტასია სმირნოვამ მოიპოვა.
შეჯიბრის დროს, ჰაერის ტემპერატურა მინუს 20 გრადუსზე დაბლაც კი დაეცა. გარდა ამისა, ცვალებად ძლიერი ქარი უბერავდა, რამაც მონაწილეებს საქმე გაურთულა.









