შვედმა ნილს ვან დერ პოელმა ორ წამზე მეტით გააუმჯობესა მისივე მსოფლიო რეკორდი და 10 000 მეტრზე ციგურებით სირბილში, ოქროს მედალს დაეუფლა. ეს მეორე ოქროს მედალია, რომელიც მან პეკინის ოლიმპიადაზე მოიპოვა.
25 წლის მოციგურავემ, დისტანცია 12 წუთსა და 30.74 წამში გაირბინა და მის მიერ, ერთი წლის წინათ, ჰოლანდიაში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. მან თავიდანვე სწრაფი ტემპი აკრიფა და ჰოლანდიელი პატრიკ რიოსტი მალე ხუთი წამით ჩამოიტოვა.
3 000-მეტრიან ნიშნულზე, ვან დერ პოელმა ოლიმპიური რეკორდის გრაფიკსაც გაასწრო. დისტანციის შუაში კი რიოსტთან უპირატესობამ ცხრა წამს მიაღწია. ასპარეზბის მიწურულს, მან საკუთარი რეკორდის გრაფიკსაც გაასწრო. ყველაზე სწრაფად კი ბოლო წრე გაიარა, რომელიც რბოლის ყველაზე სწრაფი წრე აღმოჩნდა.
„ამაზე უკეთესს ვერც ვინატრებდი. ოლიმპიურ ოქროს, მსოფლიო რეკორდით დავეუფლე. რვა წრე რომ რჩებოდა გავიფიქრე - ოქრო ჩემია. ახლა მთავარია, რომ ის ხელიდან არ გავუშვა. ორნახევარი წრით ადრე, ლამის ასეც მოხდა. მაგრამ ოთხი წრის შემდეგ უკვე მსოფლიო რეკორდზეც დავიწყე ფიქრი“, - განაცხადა ვან დერ პოელმა, ვისაც ერთ მომენტში, მარჯვენა ფეხი ლამის „გაექცა“ და რომ არა სწრაფი რეაგირება, დაცემა არ ასცდებოდა.
ვან დერ პოელმა პირველი ოქრო 5 000 მეტრზე მოიპოვა და რიოსტი მაშინაც მეორეზე გავიდა. ჰოლანდიელი მეორე ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაოს მედალს კი იტალიელი დავიდე გოტო გავიდა.







