უცნაური გამოდგა იტალიის სერია A-ს 26-ე ტური. რატომ? ოთხეულში მყოფმა ვერცერთმა გუნდმა 3 ქულა ვერ მოიპოვა.
ჯერ იყო და „იუვენტუსმა“ „ტორინოსთან“ ქულები დაკარგა (1:1), მერე ლიდერმა „მილანმა“ ბოლოადგილოსან „სალერნიტანასთან“ წაიფორხილა (2:2), ამას „ინტერის“ საშინაო მარცხი მოჰყვა „სასუოლოსთან“ (0:2). „ნაპოლის“ შეეძლო მილანური გრანდების ფეხის დაცდენით ესარგებლა და გასავარდნ ზონაში „კალიარის“ დამარცხებით პირველ ადგილზე გადავიდოდა („მილანთან“ ერთად). თუმცა, ვერც ნეაპოლელებმა მოიგეს.
უფრო მეტიც, ლუჩანო სპალეტის გუნდი სარდინიაზე წაგებასთან ძალიან ახლოს იყო, რადგან 87-ე წუთამდე მარცხდებოდა. ნეაპოლიტანურ გუნდს ქულა ვიქტორ ოსიმენმა გადაურჩინა - 1:1 და სატურნირო ცხრილში თითქმის ყველაფერი უცვლელი დარჩა. თითქმის, რადგან ავად თუ კარგად, „მილანმა“ და „ნაპოლიმ“ „ინტერთან“ მიმართებაში 1 ქულით გაიუმჯობესეს სიტუაცია. სხვათა შორის, 26-ე ტურში ბერგამოს „ატალანტაც“ დამარცხდა, ასე რომ, არათუ ოთხეულის, არამედ ხუთეულის ვერცერთმა წარმომადგენელმა მოიგო. თუმცა, ესეც არაფერი, ვერც "ლაციომ" და "რომამ" იმარჯვეს, რომლებიც მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე არიან, ასე რომ, ნამდვილად უცნაური ტური გამოვიდა...
„კალიარიზეც“ უნდა ვთქვათ: ვალტერ მაძარის გუნდმა 2022 წელს 7 მატჩში 12 ქულა მოიპოვა, მაშინ, როცა მანამდე 19 ტურში მხოლოდ 10 ქულა ჰქონდა.
სერია A-ს სატურნირო ცხრილს "მილანი" ლიდერობს (56 ქულა) და 2-2 ქულით უსწრებს "ინტერსა" და "ნაპოლის", თუმცა, "ნერაძურის" კონკურენტებთან შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
„კალიარი“ – „ნაპოლი“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 პერეირო (58), 1:1 ოსიმენი (87)









