ნორვეგიის სათხილამურო სპორტის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭო აცხადებს, რომ არ სურს, მის საზღვრებში გასამართ მსოფლიო თასის შეჯიბრებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ტურნირებზე, რუს ათლეტებს ასპარეზობის უფლება მისცეს. ამის მიზეზად, უკრაინაში რუსეთის შეჭრაა დასახელებული.
„რუსეთის მიერ, საერთაშორისო კანონების დარღვევა და უკრაინაზე თავდასხმა, საერთაშორისო საზოგადოებისგან შესაბამის პასუხს და მოქმედებას მოითხოვს. სპორტმა ამაზე თვალი არ უნდა დახუჭოს და პასიურ მდგომარეობაში არ უნდა დარჩეს. ნორვეგიის სათხილამურო სპორტის ფედერაციის მესიჯი რუსეთისადმი და რუსი სპორტსმენებისადმი არის კრისტალურად გამჭვირვალე - ჩვენ არ გვჭირდება ჩვენთან თქვენი ასპარეზობა“, - ნათქვამია ნორვეგიის სათხილამურო სპორტის ფედერაციის განცხადებაში.
ნორვეგიაში უახლოეს კვირებში უნდა გაიმართოს სამთო და ბარის თხილამურობის, ტრამპლინიდან ხტომის და ჩრდილოური კომბინაციის შეჯიბრები. უფრო მეტიც, ნორვეგიელები სხვა ქვეყნებსაც ასეთივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ.
უფრო ადრე, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ, თავისი ეგიდით რუსეთში და ბელარუსში გასამართი შეჯიბრები გააუქმა.









