მძლეოსნობის პრესტიჟული ტურნირის ბრილიანტის ლიგის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თავის შეჯიბრებზე, რუსი და ბელარუსი ათლეტები არ დაუშვას. ლიგის გადაწყვეტილებით, აკრძალვა უვადოა.
ბრილიანტის ლიგის აკრძალვა გაგრძელებაა ვორლდ ათლეტიკსის აკრძალვისა, რომელიც ამ უკანასკნელმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე შემოიღო. ორივე შემთხვევაში, დისკვალიფიკაციის ვადა განუსაზღვრელია და დიდწილად მოვლენათა განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
„ბრილიანტის ლიგის შეხვედრების ორგანიზატორები დაეთანხმნენ ლიგის საბჭოს რეკომენდაციას, რომ რუსი და ბელარუსი ათლეტები, გარკეული დროით, ბრილიანტის ლიგის შეჯიბრებზე საასპარეზოდ არ დაუშვან“, - ნათქვამია ლიგის განცხადებაში.
რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას მსოფლიო ფედერაციის (ვორლდ ათლეტიკსის) წევრობა 2015 წლიდან შეჩერებული აქვს, რისი მიზეზიც, რუსი მძლეოსნების მიერ, აკრძალული პრეპარატების ორგანიზებული გამოყენება გახდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტის სახეობებს მისცა რეკომენდაცია, რომ არ ჩაატარონ საერთაშორისო შეჯიბრები რუსეთსა და ბელარუსში და ამ ქვეყნების ათლეტები, სხვა ქვეყნების ტურნირებზეც არ დაუშვან.
რუსი და ბელარუსი მძლეოსნები ასევე არ დაიშვებიან დახურული არენების მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბელგრადში გაიმართება.









