ვუოკტის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები სამ სახეობაში ხუთი სპორტსმენით წარსდგა.
ტრამპლინიდან ხტომაში ალან გობოზოვი პირველ წრეში 72,5 მეტრზე გადახტა და 43 მონაწილეს შორის 42-ე ადგილზე გავიდა. ფიგურულ ციგურაობაში ანა დეა გულბიანი-შმიდტმა მოკლე პროგრამაში 37,41 ქულა დაიმსახურა, რითაც თავისი საუკეთესო შედეგი (32.74) მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და 32 მონაწილეს შორის 24-ე შედეგი აღმოაჩნდა.
პარალელურ სლალომში საქართველოს სამთო მოთხილამურეთა ნაკრები ერთბაშად სამი ოლიმპიელით იყო წარმოდგენილი. ლუკა ბუჩუკურმა ორი დაშვების ჯამში (40.90) 59-ე ადგილი დაიკავა, ირაკლი არღვლიანმა (44.53) - 62-ე ადგილი, მიხეილ ჩართოლანმა (47.64) კი 65-ე შედეგით დაასრულა გამოსვლა.
ერთი დღით ადრე საქართველოს სამთო მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა სლალომშიც იასპარეზეს, მაგრამ პირველი დაშვება ვერ დაასრულეს და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ.
GEONOC.ORG.GE









