საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დღეიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მას ალექსანდრე (სანდრო) ლომაძე უხელმძღვანელებს.
დიდუბე პლაზას ბიზნეს ცენტრში გამართულ რიგგარეშე არჩევნებში 90 დელეგატიდან 48-მ მიიღო მონაწილეობა, რაც ქვორუმისთვის საკმარისი გამოდგა. 48 ხმის მიცემის მქონე სუბიექტიდან ლომაძეს მხარი 46-მა დელეგატმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, 1 კი წინააღმდეგი იყო.
პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია 14 მარტიდან 25 მარტამდე იყო შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ლომაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
დღესვე დამტკიცდა ახალი წესდებაც. პრეზიდენტად არჩევის შემდგომ ლომაძემ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში გეგმავს, ძირითადი პროგრამები კი სამოყვარულო ტურნირების გაზრდას, ასაკობრივი ჯგუფების შექმნას, სტუდენტურ თასსა და რალის ეხება. ასევე დღეს დაანონსდა, რომ 3 აპრილს ლილო არენა გაიხსნება.
გეტყვით, რომ დღევანდელ ყრილობაზე საავტომობილო სპორტის საპატიო პრეზიდენტად შალვა ოგბაიძე აირჩიეს.









