უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში და პირველ საშეჯიბრო დღეს ხალიჩაზე 5 ქართველი გავიდა, საიდანაც ზურაბ იაკობიშვილმა ფინალს უწია, კიდევ სამ ქართველ მოჭიდავეს კი ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს.
70 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობიშვილმა შვეიცარიელი მარც დიტშჩე 5:1 დაამარცხა, რასაც ბულგარელ რამაზან რამაზანოვთან გამარჯვება მიაყოლა (12:2), ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ზირადინ ბაირამოვს 4:3 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც სომეხ არმან ანდრეასიანს გაეჯიბრება.
57 კგ წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილი მეოთხედფინალში რუმინელ რაზვან კოვაჩს დაუპირისპირდა და 10:0 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ალიაბას რზაზადესთან ასევე 0:10 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
79 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალამდე მივიდა ვლადიმერ გამყრელიძე, რომელმაც უნგრელი ჩსაბა ვიდა (9:8) და რუმინელი იაკუბ შიხჯამალოვი 7:5 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ აშრაფ აშიროვთან 7:13 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის მოუწევს ხალიჩაზე გასვლა.
97 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს ელიზბარ ოდიკაძეს, რომელმაც პირველივე შეხვედრა წააგო აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვთან (7:14), მაგრამ მისი მეტოქე ფინალში გავიდა და ელიზბარი რეპეშაჟში გადავიდა, რომლის პირველ წრეში ლიეტუველ ლუკას კრასაუსკასს შეხვდება.
65 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ რუმინელ სტეფან კონანს 3:1 მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში მოლდოველ მაქსიმ საცულთანთან 3:13 წააგო და ვინაიდან მოლდოველი ფინალში ვერ გავიდა, მედლის შანსი დაკარგა.









