საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს და მორიგი ამხანაგური მატჩი გორში, ესტონეთის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან ჩაატარა.
რამაზ სვანაძის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და დაფიქსირებული ანგარიში ყველაფერს ასახავს - 4:1. უფრო მეტიც, თავისუფლად შეიძლებოდა სხვაობა უფრო სოლიდური ყოფილიყო, რადგან ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენიმე რეალური მომენტიც ვერ გამოიყენეს.
ანგარიში 34-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილმა საჯარიმო დარტყმით გახსნა და ეს პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი იყო. მეორე ნახევარში გიორგიმ მეკარესთან პირისპირ გასულმა გაიტანა და დუბლი გაიფორმა. 75-ე წუთზე ესტონეთმა კარში პირველად დაარტყა და სხვაობა შეამცირა - 2:1. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სვანაძის გუნდმა კიდევ ორჯერ გაიტანა. ჯერ ბექა დარცმელიამ და მერე შოთა შეყილაძემ ბურთთან პირველივე შეხება გოლით დაასრულა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 5 მოგება და 1 ფრე. სვანაძის გუნდი ბოლოს 2020 წლის ოქტომბერში დამარცხდა და მას შემდეგ წაუგებლად ასპარეზობს.
შეგახსენებთ, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი 2023 წლის ივნისში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება, ფინალური მატჩის მასპინძელი კი ბათუმია.
საქართველო - ესტონეთი 4:1 (2:0)
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო: ბულისკერია, ჯინჯოლავა, გელაშვილი, აზაროვი (ხარაბაძე 63), კალანდაძე, გოჩოლეიშვილი (კაპანაძე 63), ნონიკაშვილი (ფარულავა 90), გაგნიძე (დარცმელია 63), მოისწრაფიშვილი (აბულაძე 88), გულიაშვილი (ინჯგია 63), გაგუა (შეყილაძე 90)
გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (34), 2:0 მოისწრაფიშვილი (54), 2:1 ტამი (75), 3:1 დარცმელია (90), 4:1 შეყილაძე (90)









