სხვა

21:45 | 11.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანადელი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი კარიერას ასრულებს

შორტ ტრეკში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, კანადელი ჩარლზ ჰემლინი თავის სახელოვან კარიერას ამთავრებს. ეს გადაწყვეტილება მან გამოაცხადა შორტ ტრეკში მსოფლიო ჩემპიონატის დროს, რომელიც მონრეალში გაიმართა.

ჰემლინმა მეოთხე ოლიმპიური ოქრო პეკინის ოლიმპიადაზე, მამაკაცთა შორის 5 000 მეტრზე ესტაფეტაში მოიპოვა. იმავე სახეობაში კი, მონრეალის მსოფლიო ჩემპიონატზე, კანადის გუნდთან ერთად, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, 37 წლის მოციგურავე ყინულზე, ხელში აყვანილ შვილთან ერთად გამოვიდა და თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა.

„ჩემს გოგონას ახლა ალბათ ამის არაფერი ესმის. ის ჩემთვის ყველაფერია. ვფიქრობ, მას ჩემთან ერთად აქ გამოსვლა ესიამოვნება. მინდოდა, ყველაფერი ასე მომხდარიყო. და მიხარია, რომ ჩემი გადაწყვეტილება მონრეალში გამოვაცხადე. მინდოდა, კარიერა აქ დამესრულებინა, სადაც ამას ტრიბუნაზე მყოფი ჩემი ოჯახი მოისმენდა“, - განაცხადა ჰემლინმა.

მისთვის პირველი ოლიმპიური მედალი ვერცხლის იყო, რომელიც 5 000 მეტრზე ესტაფეტაში, ტურინის (2006 წელს) ოლიმპიადაზე მოიპოვა. ამავე დისტანციაზე ოქროს ოთხი წლის შემდეგ, ვანკუვერში დაეუფლა. იქვე ინდვიდუალური ოქროს მედალი 500 მეტრზე აიღო. სოჭის ოლიმპიადაზე (2014 წელს), 1 500 მეტრზე გახდა ჩემპიონი, პიონჩანში კი (2018 წელს) 5 000 მეტრზე ესტაფეტაში ბრინჯაოს დასჯერდა.

ჰემლინს მსოფლიო ჩემპიონის 14 ტიტული აქვს მოპოვებული. მონრეალის 2018 წლის ჩემპიონატზე კი, მამაკაცთა შორის აბსოლუტურ ჩათვლაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

0.079528