იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი გრძელ ტრეკზე ციგურებით სირბილში, ნაო კოდაირა თავის სპორტულ კარიერას ოქტომბერში დაასრულებს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ის მშობლიურ ქალაქში იასპარეზებს.
35 წლის მოციგურავემ ოლიმპიური ოქროს მედალი პიონჩანის ოლიმპიადაზე, ოთხი წლის წინათ მოიპოვა. მან ეს 500 მეტრზე სრიალში შეძლო. იქვე ვერცხლის მედალს 1000 მეტრზე სრიალში დაეუფლა. გარდა ამისა, კოდაირამ ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიადაზე, გუნდურ გამოდევნებით სრიალში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კოდაირამ პეკინის ოლიმპიადაზეც იასპარეზა, მაგრამ უმედლოდ დარჩა. 500 მეტრზე მხოლოდ მე-17 ადგილი დაიკავა, 1000 მეტრზე კი მე-10 ადგილზე გავიდა.
„ძალიან ვნერვიულობ იმის გამო, რაც უნდა ვთქვა. კარიერაში ბოლო გამოსვლა ოქტომბერში მექნება, ეროვნულ ჩემპიონატზე. არ მინდა, მთელი ცხოვრება ციგურებით სირბილში გავატარო. ვფიქრობ, ახლა წასვლისთვის კარგი დროა. წასვლისთვის რამდენიმე მიზეზი მაქვს. ერთი მიზეზი ისაა, რომ მინდა, ბოლო გამოსვლა მაშინ მქონდეს, როდესაც ფიზიკური შესაძლელობები ჯერაც მაქვს. და მინდა, რომ ბოლო გამოსვლა მშობლიურ ქალაქში მქონდეს“, - ამბობს კოდაირა, ვინც 2017 და 2020 წლებში 500 მეტრზე სრიალში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.









