საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. უკვე ორი დღეა საწვრთნელ პროცესში საქართველოს ნაკრებში გამოძახებული 28 ფეხბურთელი მონაწილეობს. ვაკო ყაზაიშვილი თბილისში 29 მაისს ჩამოვა.
დღეს ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე 21 წლამდე ნაკრების სამი ფეხბურთელი იყო მიწვეული. ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების კომუნიკაციის შემდეგ, ერთჯერადად დღევანდელ საწვრთნელ პროცესში თორნიკე მეგრელიშვილი, ნიკა გაგნიძე და გიორგი გაგუა ჩაერთვნენ. ახალგაზრდული ნაკრების სამივე ფეხბურთელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ კვლავ 21 წლამდე ნაკრებში დაბრუნდა და 3 ივნისს, რუმინეთთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში სრული შემადგენლობით 30 მაისს შეიკრიბება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)
ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი (დინამო ბათუმი) ვაკო გვილია (რაკუვი, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, პოლონეთი), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი).
თავდამსხმელები: ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ივნისში, 10-დღიან ინტერვალში ოთხ მატჩს ჩაატარებს - ორჯერ ბულგარეთს, თითოჯერ კი გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდის 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.
NAKREBI.GE







