უეფა-ს რეგიონთა თასი სტარტს 23 ივნისს ბაქოში, ,,ასკ არენას" საფეხბურთო მოედანზე აიღებს და თვის ბოლომდე გაგრძელდება. როგორც ცნობილია, პირველი ეტაპის მატჩებს აზერბაიჯანში საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული „ბასიანი“ ითამაშებს.
მატჩები ბელარუსში უნდა გამართულიყო, მაგრამ უეფა-მ ამ ქვეყნის გუნდებს საკუთრ მოედანზე თამაში აუკრძალა და მათ ნაცვლად ტურნირს სწორედ აზერბაიჯანი უმასპინძლებს.
მასპინძელ ქვეყანაში სამზადისზე, მოლოდინებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე GAFA.GE აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის მატჩებისა და ტურნირების ორგანიზების განყოფილების ხელმძღვანელს ზაურ ჰაჯი-მაჰარამოვს ესაუბრა.
,,მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენთვის დიდი პატივია. უეფასგან 2 თვის წინ შემოგვივიდა მოთხოვნა ამ მნიშვნელოვანი გათამაშების ჩატარებაზე და ჩვენც მალევე დავთანხმდით.
აზერბაიჯანს ტურნირების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს, უამრავი სახის შეჯიბრების ორგანიზატორები ვყოფილვართ, ევრო 2020-იც კი ჩვენთან ჩატარდა, თუმცა სამოყვარულო გუნდებს პირველად ვმასპინძლობთ“.
წინასწარ რაუნდში, აზერბაიჯანში, 2-ტურად გამართულ ტურნირში ხუთი გუნდი ითამაშებს.
,,სამზადისი გეგმის მიხედვით მიდის და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მატჩები ხელოვნურ საფარზე გაიმართოს. თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს, გუნდებთან მუდმივად ვკონტაქტობთ.
სტადიონები იდეალურ მდგომარეობაშია და ფიფას სტანდარტებს შეესაბამება. შამახიში სტადიონი 3 თვის წინ გაიხსნა და უკვე მრავალი მატჩი ჩატარდა, რაც შეეხება ბაქოს სტადიონს, შედარებით ძველია, მაგრამ იდეალურ მდგომარეობაშია.

ბაქოს არენაზე ითამაშებენ: საქართველო, ყაზახეთი და ესტონეთი, ხოლო აზერბაიჯანისა და ბელორუსიის გუნდები
ბაქოდან 120კილომეტრში შამახიში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ფინალური ეტაპიც სწორედ შამახიში გაიმართება. სრულ ანშლაგს ველოდებით, იმედი მაქვს საქართველოდანაც უამრავი გულშემატკივარი ჩამოვა”.
წინასწარი რაუნდის განრიგი კი ასე გამოიყურება:
ჯგუფი 1: საქართველო, ყაზახეთი, ესტონეთი;
ჯგუფი 2: ბელორუსია, აზერბაიჯანი
ზაურ ჰაჯი-მაჰარამოვმა სამოყვარულო ფეხბურთის პოპულარობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდებისთვის გამორჩეულ დავხვდერას გეგმავენ.
,,აზერბაიჯანში სამოყვარულო ფეხბურთი საკმაოდ პოპულარულია. ახლახანს ყველა რეგიონში ჩატარდა მატჩები და გამარჯვებული გუნდი ჩვენც წარგვადგენს უეფას თასის ტურნირზე.
ჩემთვის სამოყვარულო ფეხბურთი გამორჩეულია, რადგან მოყვარული ფეხბურთელები არა კონტრაქტების (ანაზღაურების), არამედ ენთუზიაზმისა და ამ სპორტის გამორჩეული სიყვარულით ბოლომდე იხარჯებიან მოედანზე. უეფას ეს ტურნირიც სწორედ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა არ გაჩერდნენ და მონაწილეობა მიიღონ მათთვის საოცნებო, ზოგჯერ წარმოუდგენელ, დიდ საფეხბურთო ტურნირებშიც კი.“
ტურნირში მონაწილეობას 35 ეროვნული ასოციაცია მიიღებს. ყველაზე მაღალი კოეფიციენტების მქონე 30 ასოციაციის წარმომადგენელი ბრძოლას შუალედური რაუნდიდან დაიწყებს.

შუალედური ეტაპის გამარჯვებული გუნდები მოიპოვებენ ფინალური ტურნირის საგზურს, რომელიც 2023 წლის ივნისის ბოლო ორ კვირაში გაიმართება.









