უეფას ერთა ლიგის 2022 წლის სეზონი გრძელდება და ამჯერად ოთხი მატჩი გაიმართა - ორი A და ორიც B დივიზიონში.
A დივიზიონის მეოთხე ჯგუფს სათავეში ნიდერლანდების ნაკრები უდგას, რომელმაც ბელგიასთან საგარეო გამარჯვების შემდეგ სტუმრად კიდევ ერთი 3 ქულა მიითვალა და ამჯერად უელსის ნაკრებს 2:1 აჯობა. არადა, უელსელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გაათანაბრეს, მაგრამ ვოუთ ვეგჰორსტმა მეოთხე დამატებულ წუთზე ნიდერლანდებს მოაგებინა.
ბელგიის ნაკრები პოლონეთთან აგებდა, თუმცა შემდეგ რობერტო მარტინესის გუნდი შეუჩერებელი გახდა და მეტოქის კარში 6 გოლი გაიტანა და 6:1 იმარჯვა. ნიდერლანდებს 6 ქულა აქვს, ბელგიასა და პოლონეთს 3-3, ხოლო უელსს ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია.
B დივიზიონის პირველ ჯგუფში ორი მატჩი გაიმართა. უკრაინის ნაკრებმა გასვლაზე ირლანდიას მოუგო (1:0) და პირველი სამი ქულა მიითვალა, რადგან მისთვის ეს მიმდინარე ერთა ლიგაზე სადებიუტო თამაში იყო. ამავე ჯგუფში შოტლანდიის ნაკრებმა შინ სომხეთს 2:0 სძლია. შედეგად, უკრაინას, შოტლანდიასა და სომხეთს 3-3 ქულა აქვთ, ირლანდიას - 0. თუმცა, უკრაინას და შოტლანდიას თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.









