სხვა

23:23 | 13.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 51-ე გენერალური ასამბლეა

ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ სკოპიეში ჩატარდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 51-ე გენერალური ასამბლეა. სეოკ-იდან ასამბლეას ესწრებოდნენ გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი რუსუდან აფციაური.

დელეგატების ოფიციალური სიტყვებით მიმართეს სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა და EOC-ის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა. მათ ძირითადი ყურადღება დაუთმეს უკრაინაში მიმდინარე საომარ პროცესებს და სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს.

ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი სერგეი ბუბკა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ეოკ-ებს მათ მიერ გამოხატული სოლიდარობისა და თანადგომისათვის, სოკ-ის სოლიდარობის ფონდში აქტიური ჩართულობისთვის.

ასამბლეის დღის წესრიგი მოიცავდა მომავალი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების შესახებ დეტალურ პრეზენტაციებს, კერძოდ ევროპის ზაფხულისა (2022, ბანსკა ბისტრიცა, სლოვაკეთი) და ზამთრის (2023, ფრიული-ვენეცია- ჯულია) ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების (EYOF) მზადების დეტალებს. EYOF-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეებმა ასამბლეის დელეგატებს წარუდგინეს ინფორმაცია სპორტული მოედნების, საცხოვრებლის, ლოჯისტიკური და სხვა საკითხების შესახებ.

ტრადიციულად წელსაც დელეგატებმა კენჭისყრით აირჩიეს პიოტრ ნუროვსკის სახელობის პრიზის გამარჯვებულები. დასახელებული 5 სპორტსმენიდან პირველი ადგილი წილად ხვდა სლოვენიელ ტრამპლინიდან მხტომელს ნიკა პრევჩის.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დელეგატებმა მოისმინეს ევროპის მესამე თამაშების (კრაკოვი 2023), ზაფხულის ოლიმპიური თამაშების (პარიზი - 2024), ზამთრის ოლიმპიური თამაშების (მილან, კორტინა - 2026) საორგანიზაციო კომიტეტების ანგარიშები, რაც ხელს შეუწყობს ევროპის ოლიმპიური ოჯახის წევრებს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის მზადებასა და წარმატებით მონაწილეობაში.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურმა ასამბლეამ ეოკ-ებს წარუდგინა 2030 წლამდე სტრატეგიული გეგმა და სხვადასხვა კომისიების ანგარიშები, მათ შორის

გენდერული, კულტურისა და განათლების, იურიდიული, მარკეტინგისა და კომუნიკაციების, ასევე დიგიტალური და ტექნოლოგიების, მდგრადობისა და აქტიური საზოგადოების კომისიათა მოხსენებები.

სეოკის წარმომადგენლებმა გენერალური ასამბლეის პერიოდში ოფიციალური შეხვედრები გამართეს EOC -ის პრეზიდენტთან სპიროს კაპრალოსთან, ტექბოლის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანთან მარიუს ვიზერ ჯუნიორთან და მსოფლიო ეოკ-თა ასოციაციის გენერალურ მდივანთან გუნილა ლინდბერგთან.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.149535