სხვა

19:08 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დედაჩემი ამით იამაყებდა - გიგა ჭიკაძე UFC-ის დიდების დარბაზში შევიდა!

გიგა ჭიკაძე UFC-ის დიდების დარბაზში შევიდა. ქართველმა მებრძოლმა Forrest Griffin Community Award 2022-ის პრიზი მიიღო, რომელიც მებრძოლებს საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის გაღებული წვლილისათვის გადაეცემათ.

33 წლის სპორტსმენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და მისი წარსულიდან რთული მომენტები გაიხსენა:

"ძალიან დიდი დღეა. არა მარტო ჩემი ქველმოქმედებისთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქართველებისთვის. როდესაც ვიღაც ჩემნაირი აქ დგას, ეს საოცრებაა. არ შემიძლია დავივიწყო განვლილი პერიოდი. 2 წელიწადნახევარია რაც UFC-ში ვარ და ნამდვილად ვაფასებ, რომ ამ მოკლე პერიოდში აქ დგომა შევძელი. ნომინაციაში დასახელება ჩემი საქველმოქმედო საქმიანობისთვის ასევე ორმაგად სასიამოვნოა.

წლების წინ დედაჩემს სიმსივნე ჰქონდა. როდესაც ეს გავიგე 17 წლის ვიყავი. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, რადგან ამ დაავადების მკურნალობა დაკავშირებული იყო ძალიან ბევრ ფულთან. ფინანსურად გამართული უნდა ყოფილიყავი. ახალგაზრდა სპორტსმენი ვიყავი, მივდიოდი სპონსორებთან და ბიზნესმენებთან. ასევე წერილი მივწერე მთავრობას. გავყიდე ჩემი ავტომობილი. ჩემს ოჯახს ჰქონდა სახლი, რომელიც ასევე გავყიდეთ. ავიღეთ ძალიან ბევრი სესხი, დავდიოდით თურქეთში სამედიცინო გამოკვლევებისთვის. როდესაც 2013 წელს დედა გარდაიცვალა, მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ რომ წამოგვეწყო ოჯახური საქველმოქმედო კამპანია და ეს იყო როგორც ჩემი ოჯახისთვის, ასევე ქართველებისთვის. ადამიანები, რომლებიც ჩემნაირად ფიქრობდნენ, გვერდში დამიდგნენ.

ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემეძლო დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ეს იყო. ყოველთვის, როცა ვინმეს ვეხმარები, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საჩუქარს ვუკეთებ მის ხსოვნას მისი სიყვარულის გამო. არაფრის დაბრუნებას არ ველოდები. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ და, მართალი გითხრათ, ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს ვეხმარებით, თუნდაც მცირეოდენი დახმარება იყოს, ის მაძლევს ასეთ განცდას, რაც მჭირდება. ეს ნამდვილად საოცარი გრძნობაა.

არასდროს ყოფილა მიზანი პრემია, მიზანი მხოლოდ ხალხის დახმარებაა. ძალიან დიდი პატივია ვიცოდე, რომ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარები. რაც შეეხება პრიზს, კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს დიდი პატივია. მხოლოდ ოცნება შემეძლო მსგავსი რამის მიღებაზე და არ მეგონა, რომ ეს მე გადამხდებოდა. განსაკუთრებით მხოლოდ ორწელიწადნახევრის შემდეგ. მადლობელი ვარ UFC-ის და ჩემი ოჯახის.

დედაჩემი იამაყებდა რომ დღეს აქ ვარ. ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს, ქართველები ძალიან მცირერიცხოვანი ერი ვართ. ქვეყანაში სულ 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მე მათგან ვისწავლე თუ როგორ უნდა ვიბრძოლო წარმატებისთვის. ეს არის მაგალითი, თუ რატომ არ უნდა თქვა უარი ოცნებაზე. მე ქართველებს წარმოვადგენ და ეს დასასრული კი არა, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მინდა ვიყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პლატფორმა სხვების დასახმარებლად და დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით. ეს ჯილდო უბრალოდ აჩვენებს, რომ მე სწორ გზაზე ვარ", - განაცხადა ჭიკაძემ.

აქვე გეტყვით, რომ დასტინ პორიესა და მაქს ჰოლოუეის შემდეგ, გიგა ჭიკაძე გახდა მესამე მებრძოლი, რომელსაც ეს საპატიო პრიზი გადაეცა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097681