ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის „რეალი“ „ალმერიას“ ეწვია და მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც მოიგო.
კარლო ანჩელოტის გუნდი თითქმის საათის განმავლობაში აგებდა. მეექვსე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ და სტუმრებმა ეს გოლი მხოლოდ 61-ე წუთზე გაქვითეს, როცა თავი ლუკას ვასკესმა გამოიჩინა.
74-ე წუთზე მასპინძელთა კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა და უმალვე, კარლო ანჩელოტიმ სათადარიგო სკამზე მყოფ დავიდ ალაბას თამაშში ჩართვა გადაწყვიტა. მიზანი ერთი იყო - ჯარიმა ავსტრიელს უნდა დაერტყა. ასეც მოხდა, ალაბა მოედანზე შევიდა, ბურთთან მივიდა და... ულამაზესი გოლი გაიტანა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.
ამრიგად, „რეალმა“ სეზონი რთული, მაგრამ სამი ქულით გახსნა და მომდევნო ტურში ვიგოს „სელტას“ დაუპირისპირდება.
„ალმერია“ – „რეალი“ 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 რამაზანი (6), 1:1 ლუკას ვასკესი (61), 1:2 ალაბა (75)






