მოტო გრანპრის ექვსგზის ჩემპიონი, ესპანელი მარკ მარკესი რბოლებს ამ უქმეებზე, არაგონის დიდი პრიზის დროს დაუბრუნდება. მან მარჯვენა ხელზე ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო კურსიც დაასრულა. მარკესმა ბაიკით პირველი ვარჯიშებიც ჩაატარა.
ოპერაციის გამო, მარკესმა ბოლო ექვსი რბოლა გააცდინა. მისანოს (იტალია) ტრეკზე ესპანელმა ორდღიანი ტესტები გაიარა, რა დროსაც გამოვლინდა, რომ ის რბოლებისთვის მზადაა.
მარკესმა მარჯვენა ხელის ტრავმა ჯერ კიდევ 2020 წელს, ესპანეთის დიდი პრიზის რბოლისას მიიღო. მას შემდეგ, რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ პრობლემა ყოველთვის ბრუნდებოდა. ბოლო რბოლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, იტალიის დიდი პრიზი იყო, რომელსაც მაისში მუჯელოს (იტალია) ტრეკმა უმასპინძლა.
მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა (ორი ტიტული დაბალ კლასებში აქვს მოპოვებული) ტესტები ექიმების მეთვალყურეობით ჩაატარა. სწორედ მათთან შეთანხმების შემდეგ გადაწყდა, რომ არაგონის დიდი პრიზზე იასპარეზს. ის არ მალავს, რომ მისი მიზანი მომავალი სეზონისთვის მზადებაა.









