სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:58 | 24.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ხაფანგებით სავსე თამაში იყო, მიწაზე უნდა დავრჩეთ, ნულოვანი მოლოდინით"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „რომასთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

როგორც სპალეტიმ აღნიშნა, 11 ტურის შემდეგ ტიტულს ვერავინ იგებს და მისმა გუნდმა მიწაზე ფეხები მყარად უნდა შეინარჩუნოს, ზედმეტი მოლოდინის გარეშე.

„ეს იყო ხაფანგებით სავსე თამაში, მაგრამ დამსახურებულად მოვიგეთ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე სირთულეებს გადავაწყდით, ყოველთვის გვქონდა ინიციატივა და თამაშის კონსტრუქციას ვეძებდით.

აქტიურები ვიყავით და ეს ყოველთვის უნდა გვახასიათებდეს. ბურთს ვფლობდით, თუმცა, ზოგჯერ შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით დრიბლინგების დროს ჩვენთვის უჩვეულო შეცდომები გვქონდა, რაც არ გვაძლევდა საშუალებას, რომ კარგი შანსები შეგვექმნა კარისკენ დასარტყმელად.

„რომას“ ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავს და ისინი ცდილობდნენ მთელ მოედანზე ხაფანგების დაგებას, რათა ჩვენი იერიშები შეეჩერებინათ. ტაქტიკური ბრძოლით სავსე მატჩი იყო, რომელიც დამსახურებულად მოვიგეთ, ვინაიდან მცირე შანსების გოლში ასახვა შევძელით.

ჯანლუკა გაეტანო ნიჭიერი ფეხბურთელია, ეს ყველამ იცის. მან კარგი რაღაცები გააკეთა, მაგრამ ზოგჯერ არასწორი არჩევანიც ჰქონდა. მაგალითად, როცა კვარას პასი არ მისცა, არადა შესაძლებელი იყო იმ მომენტში ბურთი მასვე დაბრუნებოდა. თუმცა ამ მომენტში გამოჩნდა ხასიათის სიმპტომი და ტაქტიკური მოუმწიფებლობა, გარკვეული სიტუაციებისთვის ჯერ მოუმზადებელია.

ოსიმენი? ვიქტორს ახასიათებს მოულოდნელი აფეთქებები, რასაც თამაშის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. ჩვენ კარგად ვიცით მისი თვისებები და უნარები, ვიცით, რა შეუძლია გუნდს მისცეს. როდესაც ემოციურ იმპულსებს მართავს, ის სრულყოფილი ჩემპიონი გახდება. გვჭირდება მისი ფიზიკურობა, რადგან დაცვით ფაზასაც თავით თამაშით ძალიან ეხმარება. მას გასულ სეზონთან შედარებით დიდი პროგრესი აქვს და დიდებული გოლები გააქვს, როგორიც დღეს გაიტანა.

როგორ დავასათაურებდი განვლილ 11 ტურს? სათაური ისაა, რომ 11 ტურის შემდეგ ტიტულებს ვერ იგებენ, ტიტულებს იგებენ მაისში, ივნისში, როცა სეზონი სრულდება. მიწაზე ფეხები მყარად უნდა შევინარჩუნოთ, ნულოვანი მოლოდინით, ნულოვანი დამოკიდებულებით, რომ ფენომენები ვართ. ხვალ დილით ვარჯიში გვაქვს, ოთხშაბათს კი სავსე „სტადიო მარადონა“ გველოდება. რა ოცნებები მაქვს ჯიბეში? ჯიბეში ტელეფონი, კალამი და ფურცლის ნაგლეჯი მიდევს“, - თქვა სპალეტიმ და ტელეკამერების წინაშე ჯიბიდან სწორედ ის ნივთები ამოიღო, რომელიც ახსენა.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სეზონში ისევ დაუმარცხებელია - 13 მოგება და 2 ფრე. ნეაპოლიტანურმა გუნდმა ბოლო 11 მატჩი ზედიზედ მოიგო და 1986 წელს დამყარებული პირადი რეკორდი გაიმეორა. ლუჩანო სპალეტის გუნდი 29 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი „სასუოლოს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსს“ დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164945