ქართველმა ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ "ნიუკასლ ჯეტსს" ავსტრალიის ჩემპიონატის მე-7 ტურში მოაგებინა. 25 წლის ფორვარდმა ბექა დარცმელიას პასით "სენტრალ კოუსტ მერინერსის" წინააღმდეგ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა. მან მატჩის შემდეგ თამაში შეაფასა.
"ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც გამარჯვების გოლს იტან. მესმის, რომ გულშემატკივრებისთვის და ნიუკასლ ჯეტსისთვის ეს დიდი თამაში იყო. მაგრამ, ჩვენთვის - ფეხბურთელებისთვის ყველა თამაში დერბია, ამიტომ ძალიან ბედნიერები ვართ გამარჯვებით. ბოლო 20 წუთის განმავლობაში ტაქტიკა შევცვალეთ. ასეა, თუ გამარჯვება გინდა, უნდა იბრძოლო და ჩვენ ეს შევძელით, რაც სასიამოვნოა", - თქვა მიქელთაძემ.
ბექა მიქელთაძემ მიმდინარე სეზონში "ჯეტსის" შემადგენლობაში 5 თამაში ჩაატარა და მეორე გოლის გატანა მოახერხა.







