სხვა

21:37 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ტყვიის მსროლელების დიდი წარმატება

დღეს, 21 იანვარს, ქართველმა ტყვიის მსროლელებმა წარმატებით იასპარეზეს ხორვატულ ოსიეკში, „დიდ პრიზზე.“

პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში (10მ) გუნდურ შეჯიბრში ქალები ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ვაჟებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ეს იყო სარეიტინგო ტურნირი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში ჩასათვლელ ქულებს იძლეოდა, ამ სიის მიხედვით კი ოლიმპიადის ლიცენზიების გარკვეული ნაწილი გათამაშდება.

ჩვენმა სამეულმა - ნინო სალუქვაძემ, ლიზი კილაძემ და მარიამ ფროდიაშვილმა ოქროს მედლისთვის შეხვედრაში დიდი ანგარიშით - 17:3 დაამარცხა უკრაინა.

ვერცხლის მედალი სწორედ უკრაინელებს ერგოთ, ბრინჯაოს კი მასპინძელი ხორვატია დაეუფლა - დასკვნით პაექრობაში პოლონეთს 16:12 აჯობა.

ჩვენებმა საკვალიფიკაციო ეტაპშივე დიდი წარმატებით ისროლეს - 851 ქულით გაიმარჯვეს და 5-ით გაუსწრეს მეორეზე გასულ უკრაინას.

საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი

0.089689