ღამით NFL-ში კონფერენციის ფინალები გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ სუპერბოლში მონაწილეობას „კანზას სიტი ჩიფსი“ და „ფილადელფია იგლზი“ მიიღებენ.
ამერიკული კონფერენციის ფინალში შარშანდელი სცენარი აღარ განმეორდა. „კანზას სიტი ჩიფსმა“ მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 23:20 დაამარცხა და ბოლო 4 წლის განმავლობაში სუპერბოლში მესამედ მიიღებს მონაწილეობას.
გუნდებმა პირველ და მეორე პერიოდის სტარტზე 3-ქულიანი დარტყმები გაცვალეს, სანამ მაჰოუმსი-ტრევის კელსის ერთი შეხედვით მარტივად წასაკითხი კომბინაცია პირველი თაჩდაუნით არ დასრულდა. „ბენგალსმა“ პირველი შედეგიანი შეტევის განხორციელება მხოლოდ მესამე პერიოდში შეძლო, როდესაც ჯასტინ ბეროუს პასი ჰიგინსმა დაიჭირა.
მე-4 პერიოდის სტარტზე სამიაე პერინემ გამოიჩინა თავი, მაკპერსონმა კი დამატებითი ქულაც აიღო და ანგარიში გათანაბრდა 20:20.
ბოლო წუთებამდე ნებისმიერ გუნდს შეეძლო გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა ჰარისონ ბატკერის ზუსმა 3-ქულიანმა სუპერბოლში მონაწილეობის უფლება „კანზას სიტი ჩიფსს“ მისცა.
ამ შეხვედრისგან განსხვავებით ძალიან მარტივად შეძლო „ფილადელფია იგლზმა“ წარმატების მიღწევა. პატრიკ მაჰოუმსის კარგი თამაში აღარავის აკვირვებს და MVP-ის ტიტულის ფავორიტებში ის კვლავ განიხილება, მაგრამ მიმდინარე სეზონის მთავარი მოულოდნელობა „იგლზის“ გამთამაშებელი ჯეილენ ჰართსია, რომელმაც ერთ სეზონი კვატერბექების მიერ გატანილი თაჩდაუნებით რეკორდი დაამყარა - ეს რიცხვი 15-ს შეადგენს.
მის კარგ თამაშს მხარი გუნდმაც აუბა და „სან ფრანსისკო ფორთინაინერსის“ განადგურებას ხელი ვერაფერმა შეუშალა. აუცილებლად გამოსაყოფია „იგლზის“ რანინგბექის, მაილს სანდერსის თამაში, რომელმაც 2 თაჩდაუნი შეასრულა. საბოლოოდ ფილადელფიელებმა მეტოექე 31:7 დაამარცხეს და სუპერბოლის საგზური გაინაღდეს.
სუპერბოლი LVII 13 თებერვალს 3:30-ზე არიზონაში, „სთეით ფარმ სთეიდიუმზე“ გაიმართება.
