მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის არგენტინა, ჩილე, პარაგვაი და ურუგვაი ერთობლივად იბრძოლებენ.
კონმებოლმა დაადასტურა, რომ ხსენებული ოთხი ქვეყანა ფიფაში კანდიდატობაზე განაცხადს შეიტანს. აღსანიშნავია, რომ 2030 წელს 100 წელი ხდება, რაც მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა და მაშინ პირველ ტურნირს ურუგვაიმ უმასპინძლა. კონმებოლშიც პრეზენტაციაზე ყურადღება სწორედ ამ ფაქტზე გაამახვილეს.
2030 წლის მუნდიალზე მასპინძლობაზე ამ ეტაპისთვის პორტუგალია, ესპანეთი და უკრაინა ერთად, საბერძნეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი ერთად იბრძვიან. ახლა მათ სამხრეთამერიკული ოთხეულიც შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ თუ ფიფამ მასპინძლობა ევროპულ ქვეყნებს არ მიანიჭა, მუნდიალი ევროპის კონტინენტზე მინიმუმ 2034 წლამდე არ ჩატარდება და გამოვა, რომ ძველ კონტინენტზე მსოფლიოს ჩემპიონატი სულ მცირე 16 წელი არ იქნება ჩატარებული (2018-2034). ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ფიფა მუნდიალს ევროპაში იშვიათად ატარებს. მას შემდეგ, რაც 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი საფრანგეთში ჩატარდა, მხოლოდ ორი მუნდიალი გაიმართა ევროპაში (2006 და 2018 წლებში).
2026 წლის მუნდიალიც ევროპის მიღმაა, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც აშშ, მექსიკა და კანადა მასპინძლები ერთად იქნებიან.