35 ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, გერმანია და ავსტრალია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან (IOC) მოითხოვენ, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, რუსი და ბელარუსი ათლეტები არ დაუშვან. ამის შესახებ, ლიეტუვის სპორტის მინისტრმა განაცხადა.
IOC-ი ყველანაირად ცდილობს, თავი მოარიდოს რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას. არადა, სულ უფრო მეტი ქვეყანა მოითხოვს, რომ უკრაინაში ომის გამჩაღებელი და ხელის შემწყობი ქვეყნების წარმომადგენლები, პარიზის ოლიმპიადაზე არ დაუშვან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას, რომ ოლიმპიადაზე აგრესორი ქვეყნების სპორტსმენები არ დაუშვან. მისი თქმით, რუსეთის მიერ მის ქვეყანაში წარმოებულ ომს, უკვე 228 უკრაინელი ათლეტი და მწვრთნელი შეეწირა.
„ტერორი და ოლიმპიზმი ორი განსხვავებული რამ არის, რომელთა შერწყმა შეუძლებელია“, - ამბობს ზელენსკი. ბრიტანეთის სპორტის მინისტრი ლუსი ფრეიზერი დასძენს, რომ იმ დროს, როდესაც პუტინი ბარბაროსულ ომს აწარმოებს, რუსეთი და ბელარუსი, ოლიმპიურ თამაშებზე არ უნდა დაუშვან. და ეს ბრიტანეთის ოფიციალური პოზიციაა.
ომის გამო, ბალტიის და სკანდინავიის ქვეყნებმა, ასევე პოლონეთმა, წამოიწყეს მოძრაობა, რომლის მიზანიც, ოლიმპიადაზე რუსეთის და ბელარუსის არდაშვებაა.
„ჩვენ ვიცით, რომ რუსი ათლეტების 70 პროცენტი სამხედროა. ჩემთვის სრულებით მიუღებელი იქნება, თუ მათ ოლიმპიურ თამაშებზე დაუშვებენ“, - ამბობს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი.
იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადაზე რუსეთის და ბელარუსის ათლეტებს დაუშვებენ, უკრაინა პარიზის თამაშების ბოიკოტირებით იმუქრება. თუმცა პოლონთის სპორტის მინსტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ბოიკოტი დღის წესრიგში არ დგას. თუმცა მომავალში ასეთ ნაბიჯს არ გამორიცხავს. მისი თქმით, კომპრომისული გადაწყვეტილება იქნება, თუ ოლიმპიადაზე რუს და ბელარუს დისიდენტ ათლეტებს დაუშვებენ, რომლებიც ლტოლვილთა გუნდის სახელით იასპარეზებენ.
IOC-ი რუსი და ბელარუსი ათლეტების ნეიტრალური დროშით დაშვებას ემხრობა და აცხადებს, რომ ამ ქვეყნების არდაშვება, ოლიმპიურ სულისკვეთებას არ შეესაბამება.
ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი ათლეტების არდაშვებას ემხრობა პარიზის მერი ანე იდალგო.







