ავსტრიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გეორგი გარიჩსმა „აძურის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნეაპოლი სერია B-დან სერია A-ში გადასვლის შემდეგ სიხარულისგან გაგიჟდა, შესაბამისად, წარმოუდგენია, რა მოხდება იტალიის ჩემპიონობის შემთხვევაში.
„ნაპოლიში“ განვიცადე სერია B-დან სერია A-ში გადასვლის ემოცია და უნდა ვთქვა, რომ მაშინ ქალაქი სიხარულისგან გაგიჟდა. ეს რაღაც მართლაც წარმოუდგენელი იყო, ძნელი ასახსნელია. უბრალოდ წარმომიდგენია, ვინაიდან ვიცნობ ნეაპოლს და ნეაპოლიტანელებს, რა მოხდება სკუდეტოს მოგების შემთხვევაში. გულშემატკივრებს გუნდი ძალიან განსხვავებულად და ღრმა განცდით უყვართ. ამის აღწერა და ინტერპრეტაცია ადვილი არ არის, ეს უნდა გამოცადო, ბოლომდე რომ გაიგო“, - თქვა გარიჩსმა.
აქვე გეტყვით, რომ გეორგი გარიჩსი „ნაპოლიში“ 2006-2008 წლებში თამაშობდა და სწორედ 2007 წელს დაბრუნდა „აძური“ სერია A-ში. შეგახსენებთ, „ნაპოლის“ სკუდეტო 1987 და 1990 წლებში აქვს მოგებული, მას შემდეგ კი ჩემპიონი არ გამხდარა. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს 22 ტურის შემდეგ 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.





