„კრემონეზეს“ ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა. 24 წლის მცველმა გუნდთან ერთად ვარჯიში ხუთშაბათიდან დაიწყო და „ტორინოსთან“ 23-ე ტურის მატჩის განაცხადშიც მოხვდა, სხვათა შორის ბოლო ერთ თვეში პირველად.
თამაშამდე, „კრემონეზეს“ მთავარ მწვრთნელ დავიდე ბალარდინის ჰკითხეს, იქნება თუ არა, ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში:
„ლოჩოშვილმა გუნდთან ერთად 3-4 ვარჯიში ჩაატარა და მისი ფიზიკის გათვალისწინებით, რაც უფრო მეტს ივარჯიშებს გუნდთან და ბურთთან ერთად, მით უკეთესია“, - აღნიშნა ბალარდინიმ, რომლის ხელმძღვანელობით ლუკას არ უთამაშია, რადგან, როცა ის კრემონულ გუნდში დაინიშნა, ქართველი მეორე ვარჯიშზე დაშავდა და საზარდულის ტრავმის გამო 1 თვე გაუცდა.
ლოჩოშვილი ბოლოს მოედანზე 9 იანვარს, „ვერონას“ წინააღმდეგ იყო. მან სერია A-ს მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი მიითვალა. „კრემონეზეს“ 22 ტურში თამაში არ მოუგია და 8 ქულით ბოლო ადგილზეა, „ტორინოს“ კი 20 თებერვალს დაუპირისპირდება.





