ბეისბოლში World Baseball Classic, ანუ ბეისბოლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც უნდა ითქვას, რომ გუნდები უძლიერესი შემადგენლობებით გამოდიან.
მსოფლიო ჩემპიონატში 20 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებული. ჯგუფიდან 2 გუნდი გადის მომდევნო ეტაპზე, შემდეგ კი 1/4 ფინალებიდან პლეი ოფის სისტემით გაირკვევა ყველაფერი. ტურნირის მოგების ფავორიტებად აშშ, იაპონია, სამხრეთ კორეა და დომინიკის რესპუბლიკა მიიჩნევიან.
პირველი საქმეში ტაივანში განთავსებული A ჯგუფი ჩაერთო. ნიდერლანდების ნაკრები კუბას დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა. ორივე გუნდში თამაშობდნენ ბეისბოლის მეიჯორ ლიგის (MLB) წარმატებული მოთამაშეები, თუმცა გამარჯვება ევროპელებს დარჩათ.
ანგარიში მე-2 ინინგში კუბელებმა გახსნეს, მე-3 ინინგში კი „ფილადელფია ფილისის“ შორთსტოპმა, დიდი გრეგორიუსმა ზუსტი დარტყმით როჯერ ბერნარდინას მისცა შანსი ანგარიში გაეთანაბრებინა.
ნიდერლანდების მეორე ქულა „ვაშინგტონ ნეიშენალსის“ ჯოშ პალასიოსმა აიღო მე-6 ინინგში, მალევე კი ჩედვიკ ტრომპის სინგლმა ლუის რობერტი და ჯონათან სკუპი მიიყვანა სახლში და ნიდერლანდებს გამარჯვებაც მოუტანა.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ტაიპეი პანამას დაუპირისპირდება. აქვეა იტალიაც, რომელიც პირველ ტურში ისვენებს.
A ჯგუფი: ნიდერლანდები, პანამა, ტაიპეი, იტალია, კუბა.
B ჯგუფი: ავსტრალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ჩეხეთი.
C ჯგუფი: კანადა, აშშ, მექსიკა, დიდი ბრიტანეთი, კოლუმბია.
D ჯგუფი: დომინიკის რესპუბლიკა, პუერტო რიკო, ვენესუელა, ისრაელი, ნიკარაგუა.
