„ტარანტო“ ერთი არაფრით გამორჩეული იტალიური კლუბია, რომელიც ამჟამად სერია C-ში თამაშობს, მაგრამ ამ გუნდის თავს საინტერესო ამბავია.
ეციო კაპუანოს გუნდს დაუჯერებელი სტატისტიკა აქვს: ბოლო 14 ტურში „ტარანტომ“ მხოლოდ და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა! ეს ძალიან დაბალი შედეგია, ერთი შეხედვით დაუჯერებელიც კი. უფრო მეტიც, გუშინ „ვირტუსთან“ მოგება რომ არა (1:0), უკანასკნელ 13 შეხვედრაში ერთადერთი გოლი ჰქონდა გატანილი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 14 ტურში სულ რაღაც 2 გოლი გაიტანა, 14 ქულა მაინც დააგროვა. საქმე ისაა, რომ ბოლო 14 შეხვედრაში ტარანტოელებმა ორი მატჩი მოიგეს და ორივე 1:0, ხოლო 8-ჯერ ფრე ითამაშეს, ყველა შემთხვევაში 0:0! ესეც წარმოუდგენელი შედეგია, 8 ფრე უგოლოდ... დანარჩენი 4 მატჩი „ტარანტომ“ წააგო, ერთხელ 0:2 და სამჯერ 0:1. ამრიგად, ბოლო 14 ტურში „ტარანტოს“ მატჩებში 7 გოლი გავიდა, 2 თვითონ გაიტანა და 5 გაუშვა...
„ტარანტო“ სერია C-ში 33 ტურის შემდეგ 40 ქულით მე-14 ადგილზეა და სულ 21 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, როგორც ვთქვით, ბოლო 14 ტურში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.





