ფეხბურთი

17:28 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფას დიდი შეცდომა და მსაჯების პრობლემები ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში ტარდება, სადაც საქართველოს ნაკრებმა, რომელიც დებიუტანტია, ისტორია უკვე დაწერა, ურთულეს ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა.

მიმდინარე ევროფორუმზე არსებობს სერიოზული ხარვეზები, რაც მსაჯობას უკავშირდება. რამდენიმე მატჩში არბიტრებმა აშკარა შეცდომები დაუშვეს, რამაც მატჩებზე ზეგავლენა მოახდინა. უცნაურია, მაგრამ უეფამ ჯგუფურ ეტაპზე VAR-სა და გოლის დაფიქსირების ტექნოლოგიაზე უარი თქვა, რამაც არბიტრების პრობლემა კიდევ უფრო გამოაჩინა. საინტერესოა ისიც, რომ ჩემპიონატზე ძირითადად ახალგაზრდა და გამოუცდელი მსაჯები მუშაობენ, შესაბამისად, ტექნოლოგიების გარეშე მათ კიდევ უფრო გაუჭირდათ.

ეს პრობლემა ყველაზე მეტად პირველ ტურში გამოჩნდა, როდესაც საფრანგეთი - იტალიის მატჩში ნიდერლანდელმა ალარდ ლინდტჰოუტმა იტალიელთა საზიანოდ ბევრი შეცდომა დაუშვა. მან ჯერ პიერ კალულუს მხრიდან ხელით თამაში ვერ დაინახა და იტალიას პენალტი არ დაუნიშნა, შემდეგ საფრანგეთის მეორე გოლი ჩათვალა, რომელიც არ უნდა ჩაეთვალა, რადგან მომენტის დასაწყისში ფრანგი ფეხბურთელი აშკარად ჯარიმდებოდა, თან მინიმუმ ყვითელ ბარათს იმსახურებდა. შეცდომების გვირგვინი ბოლო წუთი გამოდგა, როცა იტალიამ გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯი ისევ შეცდა. ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, როდესაც ფრანგმა მცველმა ის კარიდან გამოიტანა, თანაც ხელით... მსაჯისთვის ეს არც გოლი იყო და არც პენალტი. შედეგად, იტალია 1:2 დამარცხდა.

სკანდალური მატჩის მერე უეფამ უკან დაიხია და გადაწყდა, რომ პლეი-ოფიდან საქმეში VAR-ი ჩაერთვება, თუმცა, ჯგუფურ ეტაპზე შეცდომები გაგრძელდა. მაგალითად, გუშინ, ესპანეთის ნაკრებს უკრაინასთან გოლი არ ჩაუთვალეს, რაც ზოგადი აზრით, შეცდომა იყო. ესპანელებმაც პროტესტი გამოთქვეს. გარდა ამისა, ეჭვს იწვევდა უკრაინის სასარგებლოდ დანიშნული პენალტიც მატჩის მიწურულს. კიდევ უფრო სერიოზული შეცდომა A ჯგუფში, პორტუგალია - ბელგიის მატჩში ფრანგმა ვილი დელაიომ დაუშვა, რომელმაც 88-ე წუთზე ბელგიელთა კარში პენალტი დანიშნა, არადა, ისინი თამაშის წესს არ არღვევდნენ. ბელგიის ნაკრების ფეხბურთელთა პროტესტი ცხადია, უშედეგო გამოდგა, პორტუგალიამ ამ პენალტით მოიგო და ჯგუფიდან გავიდა, არადა, ფრის შემთხვევაში მეოთხედფინალში ბელგია გადიოდა.

სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ბელგია მეორე ტურში საქართველოსთანაც დაზარალდა, როდესაც პირველ ტაიმში ჯერ კიდევ 0:1-ზე ლუკა გაგნიძემ მეტოქე საჯარიმოში აშკარად წააქცია და დარღვევა ცხადი გახლდათ, მაგრამ დუჟე სტრუკანმა ეს ვერ შეამჩნია და პენალტი არ დანიშნა. უნაკლოდ არც რადე ობრენოვიჩს უმსაჯია საქართველოსა და ნიდერლანდების შეხვედრა, რომელშიც სლოვენიელმა საქართველოს საზიანოდ საკმაოდ ბევრი წვრილმანი გადაწყვეტილება მიიღო.

მოკლედ, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მსაჯობა ვერანაირ კრიტიკას უძლებს და უცხოურ მედიაში ამის შესახებ არაერთი სტატიაც დაიწერა. ფაქტია, რომ უეფამ VAR-სა და გოლის დაფიქსირების ტექნოლოგიაზე უარის თქმით დიდი შეცდომა დაუშვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპირველობაზე ჯგუფური ეტაპი დასრულდება, მეოთხედფინალური სტადია კი 1 ივლისს დაიწყება, სწორედ საქართველოს ნაკრების მატჩით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101517