პირველ მატჩში ჩერნოგორიასთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ძალა მოიკრიბა და კვიპროსს მოუგო, რითაც ელიტ რაუნდში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
19-წლამდელთა თავკაცმა გიორგი დევდარიანმა პირველ მატჩთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და მოედანზე პირველი წუთიდან ლადო მოხევიშვილი, აკაკი შულაია და რომან ჭანტურია იმყოფებოდნენ.
ოთხთა ტურნირის მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ. მარჯვენა ფლანგიდან მოხევიშვილმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩააწოდა, სადაც ყველას ზურაბ მალანიამ აჯობა და მისი თავურის მერე ბურთი ჯერ გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ თითქმის კარის ხაზზე გაგორდა, ილია კერძევაძე დამატებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში, ლუკა ზარანდიამ მარჯვენა ფლანგზე დანიშნული “ჯარიმა”, მახვილი კუთხიდან პირდაპირ კარში დაარტყა და კვიპროსელთა მეკარემ რთული ბურთი მოიგერია.
ტაიმის შუაწელში, მარჯვნიდან კუთხური ზარანდიამ მოაწოდა, მოწინააღმდეგის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მალანიამ მოიგო, ხოლო კიტეიშვილმა ასევე თავით ანგარიში გახსნა. ქართველები ამაზე არ შეჩერებულან - ზარანდია მარჯვენა ფრთაზე ერთ მცველს გასცდა, რის შემდეგ, “კუნძულელთა” საჯარიმოში კერძევაძე მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან შეუჩერებლად დაარტყა და კვიპროსელები გოლის გაშვებისგან მეკარემ იხსნა.
ტაიმის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა, რომ ზარანდია სამ მეტოქეში “გაძვრა” და საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, მეკარის უკუგდებულ ბურთს კიტეიშვილი ამატებდა, რომელმაც ისეთი პოზიციიდან ვერ გაიტანა, საიდანაც აცილება უფრო რთული იყო.
კვიპროსელებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება ტაიმის მიწურულს ჰქონდათ, როდესაც დაცვის მარჯვენა ფრთაზე აკაკი შულაია მეტოქესთან ფეხებში ვარდნის დროს შეცდა და გოშაძესთან პირისპირ დარჩენილ გეორგიოს კატსიატის ქართველების მეკარემ არ გაატანინა.
შესვენებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ კერძევაძე და კვიპროსელების კარის დარაჯი შეკამათდნენ, შესაძლო იყო ვითარება უფრო გამწვავებულიყო, მაგრამ მსაჯისა და ორივე გუნდის ფეხბურთელების ჩარევის შემდეგ, ვნებები დაცხრა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთზე ოდნავ მეტი იყო გასულიყო, რომ ქართველების მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, კვიპროსელთა საჯარიმოში ზარანდია წინ გამოსულ მეტოქის მეკარესთან მარტო დარჩა, მაგრამ ანგარიში ვერ გაზარდა. ცოტა ხანში, ჯერ მარჯვნიდან ჩამოწოდებული კუთხურის მერე, გაგი მარგველაშვილმა თავით ვერ გაიტანა, ხოლო მარცხნიდან შესრულებული კუთხურის შემდეგ, თავით ჭანტურიამ ააცილა.
ამის მერე, ანდრეას ფრაგკოუმ საჯარიმო საშუალო მანძილიდან ძალიან სახიფათოდ შეასრულა და ოთარ გოშაძემ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმის შუაწელში, გიორგი ბერიძე მარცხენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ბურთი კიტეიშვილს გადააწოდა, რომელმაც ქუსლით უპასა ჭანტურიას, ხოლო ამ უკანასკნელს ახლოდან ზუსტად მოწინააღმდეგის მცველმა არ დაარტყმევინა.
68-ე წუთზე მოხევიშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და კვიპროსელთა მეკარის შეცდომის მერე, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დაწინაურდა – 2:0. გატანილი გოლიდან მალევე, ჭანტურიამ სახიფათოდ დაარტყა და გეორგიე ტასოურისმა ივაჟკაცა.
72-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების დაცვა ჩავარდა და გოშაძესთან პირისპირ გასულმა მიხალის ხარალამპუსმა პასი ფეორგიოს კატსიატის მისცა, რომელმაც ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
83-ე წუთზე, კვიპროსელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესული გიორგი არაბიძე ხრისტოს ველერმა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ორიგინალურად და რაც მთავარია ზუსტად ზარანდიამ შეასრულა.
მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე, ცოტნე მესხის კარგი პასის მერე, ბერიძე ტასოურისთან მარტო აღმოჩნდა, მაგრამ მეტოქეს ბურთი ვერ ააცილა.
დასკვნით მატჩს ქართველი 19-წლამდელები 13 ოქტომბერს რუმინეთთან ჩაატრებენ, რომელიც ზედიზედ ორჯერ დამარცხდა.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე გიორგი დევდარიანმა ისევ მომენტების გამოუყენლობაზე დაიჩივლა:
“დღევანდელ თამაშიც გამოჩნდა, რომ დამამთავრებელ ფაზაში რეალიზაციის პრობლემა გვქონდა. პირველ გოლამდე და მის მერეც არაერთი მომენტი გავაფუჭეთ. დაცვის ხაზში ნომინალური მცველების ტაბიძისა და თევზაძის არყოფნა მაინც გვეტყობოდა. შულაია და ჩაბრაძე ნახევარმცველები არიან და დაცვაში ვათამაშეთ. ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული, მაგრამ შემადგენლობამ გაამართლა. შემდეგ თამაშში, ჩერნოგორიასთან დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ვეცდებით. მე რომ ვიფიქრე, ალბათ იმ მატჩში შეცდომა დავუშვი, თუმცა ეს ფეხბურთელის აღზრდას ემსახურებოდა და მის წინააღმდეგ მიმართული არ იყო, საუბარი ბერიძეზეა. ასე რომ არ ყოფილიყო, ის დღეს ვერ ითამაშებდა. განვლილ მატჩში ბერიძე იმას აკეთებდა, რაც გუნდს ჭირდებოდა. მას დიდი ფერხბურთის თამაში შეუძლია. მოხევიშვილმა დამაჯერებლად ითამაშა და მისი სახით ძალიან კარგი ფეხბურთელი შეიძინა ჩვენმა ნაკრებმა. ზარანდია თითქმის თვენახევარი მკურნალობდა და ვარჯიში სეზონის დაწყებამდე 10 დღით ადრე დაიწყო. ეს მის თამაშს ეტყობა, ზარანდიას მეტი შეუძლია და მეტიც მოეთხოვება.”
საქართველო –კვიპროსი 3:1 (1:0)
10 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო: გოშაძე, მალანია, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, მოხევიშვილი, ხარაიშვილი, კიტეიშვილი (არაბიძე, 73), ზარანდია (მესხი, 87), კერძევაძე (კ) (ბერიძე, 65), რომან ჭანტურია, შულაია.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.
კვიპროსი: ტასურისი, კოუსოულოსი, ველერი, კატელარისი, ფრაგესკოუ (კ), ლილისი (ხარალამპუსი, 57), ფრაგკოუ, კონსტანტინოუ (ხარალამბუსი, 53), პანაგი, ხრისტოდულო (მუზუროსი, 72), კატსიატი.
მთავარი მწვრთნელი: რენოს დემეტრიადესი.
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (20), 2:0 მოხევიშვილი (68), 2:1 კატსიატი (72), 3:1 ზარანდია (83)
გაფრთხილება: ველერი (32), ჩაბრაძე (43), მოხევიშვილი-ჩიკვილაძე (49), კოუსოულოსი (77), ტასოურისი (82), კატელარისი (86), მესხი (89)
მთავარი მსაჯი: პეტრ არდელეანუ (ჩეხეთი)
| 1. | ჩერნოგორია | 2 | 2 | 0 | 0 | 3:0 | 6 |
|
| 2. | საქართველო | 2 | 1 | 0 | 1 | 3:3 | 3 |
|
| 3. | კვიპროსი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:3 | 3 |
|
| 4. | რუმინეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 0:2 | 0 |







