ნიდერლანდელი ჟურნალისტი მარსელ ვან დერ კრაანი ფიქრობს, რომ „აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა სვენ მისლინტატმა ზაფხულში ძალიან ბევრ ფეხბურთელში იმაზე მეტი ფული გადაიხადა, ვიდრე რეალურად ისინი ღირდნენ.
მან მაგალითად, მოიყვანა გიორგი მიქაუტაძის, კარლოს ფორბსის, გასტონ ავილასა და ჩუბა აკპომის ტრანსფერები და ფიქრობს, რომ მიქაუტაძეში მისლინტატმა „აიაქსის“ 16 მილიონი ევრო უბრალოდ დაკარგა.
„აიღეთ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი: 2023 წლის დასაწყისში მისი სატრანსფერო ღირებულება 2.5-დან 3 მილიონ ევრომდე მერყეობდა. ზაფხულში კლუბმა მას 10 მილიონი ევრო დაადო ფასად, თუმცა მისლინტატმა „აიაქსის“ სახელით არა 10, არამედ 16 მილიონი ევრო დაკარგა.
ფორბსში მან 14 მილიონი გადაიხადა, 4 მილიონით მეტი, ვიდრე ის ღირდა, 12 მილიონზე მეტი გადაიხადა ავილაში, მაშინ, როდესაც „ანტვერპენმა“ ის ერთი წლით ადრე ოთხ მილიონად იყიდა. ჩუბა აკპომი ინგლისში თამაშობდა, სადაც სხვადასხვა კლუბებში იყო იჯარით, „მიდლსბროში“ 28 გოლი გაიტანა, მაგრამ მანამდე სეზონში 9 გოლზე მეტი არასდროს გაუტანია, „აიაქსმა“ კი მასში მაშინვე გადაიხადა 12 მილიონზე მეტი“, - თქვა ვან დერ კრაანმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ ჯერჯერობით მხოლოდ ორჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია.







