მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატი 6 ქვეყანაში გაიმართება. ფიფამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
შედეგად, გაირკვა, რომ მუნდიალს ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო ერთობლივად უმასპინძლებენ. თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატის 100 წლისთავთან დაკავშირებით, რამდენიმე მატჩი არგენტინაში, ურუგვაისა და პარაგვაიშიც გაიმართება. ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად როგორ განაწილდება მატჩების რაოდენობა ხსენებულ ქვეყნებზე.
დიდი ალბათობით, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე 2030 წლის მუნდიალი გაიხსნება: არგენტინაში, პარაგვაისა და ურუგვაიში 3 მატჩი გაიმართება, მერე კი, ტურნირი ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში გაგრძელდება.
შედეგად, გამოდის, რომ მუნდიალი სამ კონტინენტზე ჩატარდება: ევროპაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. საინტერესოა ისიც, რომ სამხრეთ ამერიკაში იმ დროისთვის ზამთარი იქნება, ევროპასა და აფრიკაში კი ზაფხული, შესაბამისად, ფეხბურთელებს ამასთანაც ადაპტირება მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ესპანეთმა ბოლოს 1982 წელს უმასპინძლა, პორტუგალიას და მაროკოს კი ეს პატივი პირველად ერგებათ.









