დღეს, 7 მარტს, ბათუმში, 19 საათზე ლეგენდების მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების ვეტერანები მილანის „ინტერის“ ლეგენდებს დაუპირისპირდებიან.
ეს ლეგენდების სერიის პირველი მატჩი გახლავთ, რომელიც „ევროპაბეთის" მხარდაჭერით და Sports Orient-ის ორგანიზებით იმართება.
„ინტერის“ შემადგენლობაში ითამაშებენ „ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუიშ ფიგუ, გუნდის კაპიტანი ხავიერ ძანეტი და მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი.
GEO 11-ის შემადგენლობაში ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე, ასევე რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ნაკრების გამორჩეული წევრები - გიორგი ქინქლაძე და თემურ ქეცბაია ითამაშებენ.
მილანელები საქართველოში ოთხშაბათს ჩამოვიდნენ. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
კახა კალაძე (მატჩის მონაწილე): „მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ჩავატარო შეხვედრა „ინტერთან“. წლების განმავლობაში ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით. უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა მილანში თამაშის შესაძლებლობა მომცა. ამ შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი პროექტისთვის.
ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ასეთი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა სანახაობრივადაც საინტერესო იქნება. ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიეცემა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა“.
არჩილ არველაძე (მატჩის მონაწილე): „იმედია ეს თამაში მხიარული, მეგობრული იქნება და ჩვენი სტუმრები კარგს საღამოს გაატარებენ ბათუმში. მოხარულები ვართ, რომ ასეთი ლამაზი, კარგი ქალაქი გვმასპინძლობს.“
ხავიერ ძანეტი (მატჩის მონაწილე): „საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ არის. ვიცით რამდენად უყვართ ამ ქვეყანაში ფეხბურთი. იმედი მაქვს მე და ჩემი მეგობრები სტადიონზე მოსულ მაყურებელს კარგ სანსახაობას შევთავაზებთ.
მარკო მატერაცი (მატჩის მონაწილე): „მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა და დავპირისპირებოდი ისეთ ფეხბურთელს, როგორიც კახა კალაძეა. ბევრი თამაში ჩავატარეთ, სამწუხაროდ, მოგვიწია ბევრჯერ მატჩის დათმობა, რადგან ძლიერი მოთამაშე იყო. ხვალ გვექნება საშუალება, კიდევ ერთხელ შევხვდეთ ამხანაგურ მატჩზე. გარდა თამაშისა, იქნება მხიარული გარემო და ბევრი ღიმილი.“
საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი
მცველები: კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, კახა ცხადაძე, გიორგი ნავალოვსკი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია, გელა შეყილაძე.
ნახევარმცველები: თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ყენია, გოჩა ჯამარაული, სანდრო კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი.
თავდამსხმელები: შოთა არველაძე, არჩილ არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე.
„ინტერის“ ვეტერანთა შემადგენლობა:
მეკარეები: ჟულიო სეზარი, სებასტიან ფრეი.
მცველები: ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, მაიკონი, ივან კორდობა, ფრანჩესკო კოლონეზე, ფაბიო გალანტე.
ნახევარმცველები: ლუიშ ფიგუ, ესტებან კამბიასო, ვესლი სნეიდერი, გეორგიუს კარაგუნისი, ბორხა ვალერო, ჰუსინ ხარჯა.
თავდამსხმელები: დიეგო მილიტო, როდრიგო პალასიო, გორან პანდევი, დავიდ სუასო.







