ამსტერდამის „აიაქსის“ აღმასრულებელი დირექტორი და გამგეობის თავმჯდომარე, ალექს კრუზი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ინსაიდური ვაჭრობის ეჭვების გამო. ამის შესახებ ნიდერლანდური კლუბის პრესსამსახური იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კლუბმა დაადგინა, რომ კრუზმა „აიაქსის“ 17000-ზე მეტი აქცია შეიძინა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ერთი კვირით ადრე.
„აიაქსის“ სამეთვალყურეო საბჭომ დაასკვნა, რომ ალექსი, სავარაუდოდ, ინსაიდურ ვაჭრობაში იყო ჩართული. ამსტერდამელებს ამ ფაქტის დადგენაში დამოუკიდებელი იურიდიული ფირმა დაეხმარა.
კრუზმა თანამდებობა „აიაქსში“ შარშან აგვისტოში მიიღო, მაგრამ სამუშაო მოვალეობა მხოლოდ 15 მარტს დაიწყო. ამსტერდამელი კლუბი მის ადგილას ახალი სპეციალისტის ძებნას ჯერ არ გეგმავს.







