10 ოქტომბერს საერთაშორისო დიდიოსტატს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გია (გიორგი) გიორგაძეს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა. ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, ქართული ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გიორგაძეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა, ხოლო ევროპის საჭადრაკო კავშირმა "ევროპის ჭადრაკის კავშირის ოქროს დიპლომი" გადასცა.
11 ოქტომბერს ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში იუბილარ გიორგაძის წიგნის "ცხოვრება ჭადრაკით" პრეზენტაცია შედგა. ჟურნალისტებთან, ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლებთან და მრავალ გულშემატკივართან ერთად გიორგაძის წიგნის პრეზენტაციას ზურაბ აზმაიფარაშვილი(ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი); თამაზ თევზაძე( საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე); მარინა მილორავა (თბილისის ჭადრაკის აკადემიის დირექტორი); დიტო მარინაშვილი (რადიო “იმედის” ჟურნალისტი); ჯამლეტ ხუხაშვილი( კომენტატორი); ვაჟა დანელია (გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტი, გია გიორგაძის წიგნის "ცხოვრება ჭადრაკით" რედაქტორი) რომლებმაც იუბილარს სიტყვით მიმართეს.
ზურაბ აზმაიფარაშვილი: "გილოცავ გია ნახევარსაუკუნოვან იუბილეს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს იუბილეს თქვენი წიგნის პრეზენტაცია დაემთხვა. მკითხველი ამ წიგნში ისეთ რამეს აღმოაჩენს, რაც ბევრმა არ იცის. ქართულ ჭადრაკს ხშირად უჭირდა. ჭადრაკის ფედერაციაში თქვენი პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალა. მადლობა ამ ყველაფრისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს და წიგნის პრეზენტაციას..."
თამაზ თევზაძე: "გილოცავ მნიშვნელოვან თარიღს. მართალია პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვედი, მაგრამ ჭაბუკობაში ჭადრაკს ვთამაშობდი და აღნიშნულიდან გამომდინარე თავს ქართული საჭადრაკო ოჯახის წევრად ვთვლი. მიგულე შენს გვერდით..."
ჯამლეტ ხუხაშვილი: "გილოცავ ორმაგ დღესასწაულს - დაბადების დღესა და წიგნის პრეზენტაციას, თქვენნაირი ადამიანები რომ არიან, ამიტომ დავიწყე კომენტატორობა, მართალია მოჭადრაკე არ ვარ, მაგრამ რადგან ეროვნებით ებრაელი ვარ, თავს მაინც მოჭადრაკედ ვთვლი. 2008 წელს, როდესაც ყველასათვის ცნობილი მოვლენების გამო საქართველოს მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა წითელ ხიდთან იდგა რათა საქართველო დროულად დაეტოვებინა, მე და გია რიგიდან (ლატვია) თბილისში მოვიჩქაროდით, ბალტიისპირეთიდან ბაქოში ჩავფრინდით და ბაქოდან თბილისში ჩამოსასვლელად ე. წ. "მარშუტკა" დავიქირავეთ..."
დიტო მარინაშვილი: '"გია გიორგაძის პრეზიდენტობა ოქროს ასოებით შევა არამხოლოდ ქართული ჭადრაკის, არამედ ქართული სპორტის ისტორიაში. წელს გადაწყდა, რომ 2018 წლის მსოფლოს საჭადრაკო ოლიმპიადას საქართველო, კონკრეტულად კი ბათუმი უმასპინძლებს, ხოლო ზურა აზმაიფარაშვილი სპორტის ერთ-ერთი პოპულარული სახეობის ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი გახდა..."
მარინა მილორავა: "გულით გილოცავ გია დაბადებიდან 50 წლის იუბილეს, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, იმედია გაიმარჯვებთ და ფედერაციას მომდევნო მინიმუმ 4 წლით უხელმძღვანელებთ..."
ვაჟა დანელია: "გიას დიდიხანია ვიცნობ. ერთი წლის წინ გამანდო ჩაფიქრებული მაქ წიგნი დავწერო და თუ გამომივაო, მე ვუპასუხე სცადე, ვნახოთ რა იქნება თქო. როცა დავიწყეთ წიგნზე მუშაობა, მოვლენები ისე კარგად განვითარდა, რომ ვუთხარი თავს ჟურნალისტიკაში ხომ არ ცდი თქო. მოკლედ, ძალიან საინტერესო წიგნი გამოვიდა, ყველას გირჩევთ წაიკითხოთ..."
გია გიორგაძე: "ყველას დიდი მადლობა აქ მობრძანებისა და ჩემი დაფასებისათვის, როდესაც ეს წიგნი იწერებოდა, იმდენი რამ აღმოვაჩინე, რაც ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო. ნამდვილად არ ველოდი, როდესაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტორომ "სპორტის რაინდის წოდებით" ხოლო ევროპის საჭადრაკო კავშირმა "ევროპის ჭადრაკის კავშირის ოქროს დიპლომის" დაჯილდოებით სურპრიზი გამიკეთეს..."









