ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებმა ამხანაგური მატჩების ჩატარება დაიწყეს. ტურნირის მასპინძელი გერმანიის ნაკრები ნიურნბერგში, უკრაინას დაუხვდა.
იულიან ნაგელსმანის გუნდმა უფერული თამაში აჩვენა და საკუთარი პუბლიკის წინაშე ნულოვან ფრეს დასჯერდა.
ინგლისის ნაკრებმა ბოსნიის ნაკრებს ადვილად, 3:0 აჯობა. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, რომლებიც კოულ პალმერის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის და ჰარი კეინის აქტივშია.
ასეთივე ანგარიშით ხორვატიის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობა. ზლატკო დალიჩის გუნდმა ლოვრო მაიერის დუბლით და მარიო პაშალიჩის გოლით იმარჯვა.
მოიგეს ალბანეთმა და შოტლანდიამაც: ალბანელებმა ლიხტანშტაინს სძლიეს 3:0, ხოლო სქოთებმა გიბრალტარს მხოლოდ 2:0 მოუგეს.







