ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ განაცხადა, რომ „ნაპოლი“ საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვით ყველაზე მეტად წაგებული დარჩება.
მისი აზრით, კვარა „ნაპოლიში“ საუკეთესო რომ არ იყოს, პსჟ ასეთი დიდი თანხის გადახდაზე თანახმა არ იქნებოდა:
„კვარა მიმდინარე სეზონში ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინანდელივით ვერ თამაშობდა. ამ საქმეში ბევრი წააგებს. განსაკუთრებით წააგებს „ნაპოლი“, რადგან ამ გუნდის შემადგენლობაში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, წინააღმდეგ შემთხვევაში პსჟ 75 მილიონ ევროს არ გადაიხდიდა. „ნაპოლიმ“ ის აუცილებლად უნდა შეცვალოს, მაგრამ მხოლოდ ნდოის ყიდვა არ იქნება საკმარისი კვარასნაირი ფეხბურთელის შესაცვლელად“, - აღნიშნა ადანიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.







