„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ირვინ კარდონამ „ანჟერთან“ მატჩის (3:3) შემდეგ, რომელშიც დუბლი შეასრულა, კომენტარი გააკეთა.
ბოლო დღეებში ფრანგული მედია წერდა, რომ ზურიკო დავითაშვილსა და კარდონას შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, მაგრამ „ანჟერთან“ ფრანგმა ფეხბურთელმა მეორე გოლი სწორედ ქართველის პასით გაიტანა. კარდონამაც ამ თემაზე ისაუბრა:
„სახლში გოლის გატანა ყოველთვის ჯადოსნური მომენტია, მაგრამ მერჩივნა 3 ქულა მოგვეპოვებინა. მეორე გოლზე მოძრაობა დავიწყე, ზურიკომ პასი მომცა და ახლო ძელთან გავიტანე. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვიგეთ, მაინც საკმაოდ კმაყოფილი ვარ გუნდის რეაქციით, რადგან მშვენიერი სახე ვაჩვენეთ.
დავითაშვილი? ყოველდღე ვვარჯიშობთ, ასე რომ, კავშირი იქმნება. მეც მიხარია, რომ მისი პასით გავიტანე, რადგან ბოლო დღეებში ბევრი რამ ითქვა ზურიკოსა და ჩემზე, როცა, რეალურად არაფერია. საუბრობდნენ ჩვენს შორის მეტოქეობასა და კონკურენციაზე, მოედანზე კომუნიკაციის ნაკლებობაზე, მაგრამ მსგავს ამბებს ყურადღებას არ ვაქცევთ და არ ვკითხულობთ. ასე რომ, მიხარია, რომ სწორედ მან მომცა საგოლე პასი“, - თქვა კარდონამ.
ირვინ კარდონა „სენტ ეტიენში“ გასულ სეზონში თამაშობდა და ლიგა 1-ში აღზევებაში დიდი წვლილი შეიტანა, ხოლო შემდეგ „აუგსბურგში“ გადაბარგდა, საიდანაც ფრანგულ გუნდს იანვარში იჯარით დაუბრუნდა და მას შემდეგ პირველი გოლები გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში „ანჟერთან“ შედეგიანი მატჩები ჰქონდა: ახლა ორი საგოლე პასი მიითვალა, ხოლო პირველ წრეში ორი გოლი გაუტანა. ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„სენტ ეტიენი“ 23 ტურის შემდეგ 19 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, „ნიცას“ უმასპინძლებს.