„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა „ანჟერთან“ მატჩში (3:3) ზურიკო დავითაშვილის ძირითად შემადგენლობაში არდაყენების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ბოლო ორ კვირაში ზურიკო დაღლილი იყო და იცოდა, რომ შეცვლაზე შესვლით ის კარგად ითამაშებდა:
„დავითაშვილისთვის რთული სეზონია, მას შემდეგ, რაც „სენტ ეტიენშია“, გუნდს ბევრი რამ მისცა, ბევრი გოლი გაიტანა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცოტა ენერგია აკლდა. შესაბამისად, მინდოდა, დაესვენა. ამავდროულად, ნ’გესანი ვარჯიშებზე ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა. ვიცოდით, რომ შეცვლიდან დავითაშვილის იმედი ნამდვილად უნდა გვქონოდა“, - აღნიშნა ჰორნელანმა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში „ანჟერთან“ შედეგიანი მატჩები ჰქონდა: ახლა ორი საგოლე პასი მიითვალა, ხოლო პირველ წრეში ორი გოლი გაუტანა. ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„სენტ ეტიენი“ 23 ტურის შემდეგ 19 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, „ნიცას“ უმასპინძლებს.