„პარი სენ-ჟერმენი“ დიდებულ ფორმაშია და წაუგებელი სერია გააგრძელა. ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგა 1-ის 24-ე ტურში „ლილი“ გაანადგურა - 4:1.
ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა მასპინძლებმა მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანეს: ბრედლი ბარკოლამ, მარკინიოსმა, უსმან დემბელემ და დეზირ დუემ შეაგდეს. „ლილის“ პრესტიჟის გოლი ჯონათან დევიდის აქტივშია, რომელმაც მე-80 წუთზე გაიტანა.
ამჯერად, ხვიჩა კვარაცხელია არ იყო ძირითად შემადგენლობაში, რაც „ლივერპულთან“ მატჩამდე როტაციით უნდა აიხსნა. ქართველი თამაშში 63-ე წუთზე უსმან დემბელეს ნაცვლად ჩაერთო და თავი ვერ გამოიჩინა, რადგან მისი გუნდი უკვე ძალების დაზოგვაზე იყო გადასული.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტიც მოიპოვა.
პსჟ ლიგა 1-ს 62 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მარსელთან“ ამჟამად 16-ქულიანი უპირატესობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში ლუის ენრიკეს გუნდი დაუმარცხებელია. პარიზელები მომდევნო ტურში 8 მარტს, სტუმრად „რენს“ შეხვდებიან, თუმცა, მანამდე, 4 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ პირველი მერვედფინალური მატჩი ელოდებათ.
პსჟ-ს ყველა ტურნირზე 27 ნოემბრის შემდეგ არ წაუგია - 22 მატჩი, 18 მოგება, 4 ფრე...