„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „რენთან“ მატჩის (4:1) შემდეგ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი თამაშიდან თამაშამდე უმატებს.
„არ მიყვარს ჩემს ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად საუბარი, მაგრამ მაინც გამოვყოფ ყველა მოთამაშის ხარისხს. კვარას „ნაპოლიდან“ იცნობთ, საქართველოს ნაკრებში ნაჩვენები შედეგებიდანაც. ის დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, სულ უფრო და უფრო უკეთ თამაშობს, გუნდში ინტეგრირებულია, ეს სასიამოვნოა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
ესპანელმა სპეციალისტმა თამაშის შესახებაც გააკეთა კომენტარი: „მატჩამდე ვთქვი, რომ „ლივერპულზე“ არ ვფიქრობდი? მოგატყუეთ, ყოველთვის ვფიქრობდი „ლივერპულზე“ და ასეა წილისყრის შემდეგ. სიამოვნებაა ამ გუნდის მწვრთნელობა, მინდა, ჩემი ყველა ფეხბურთელის მენტალიტეტი გამოვყო, ვინც თამაშობს და ვინც სკამზე რჩება.
დემბელეს დიდი თავდაჯერებულობა აქვს, მას მოედანზე თანაგუნდელები ეძებდნენ და ჰაკიმმა ძალიან ლამაზი საჩუქარი გაუკეთა. ჩვენ ახლა უფრო სახიფათო გუნდი ვართ, ვიდრე წარსულში. ზოგადად, ფეხბურთი ჯადოსნური სპორტია, საუკეთესო ბიუჯეტის მქონე გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს. დღეს კარგი მატჩი ჩავატარეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, კარგი გუნდის წინააღმდეგ და მოვიგეთ. რთული თამაში იყო, თუმცა, სერიოზულად მივუდექით, ლივერპულში დიდი იმედით მივდივართ, არაფერი გვაქვს დასაკარგი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ს 65 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 16 ქულით უსწრებს. მოკლედ, მალე ჩემპიონობას გაიფორმებს. იქამდე ლუის ენრიკეს გუნდი 11 მარტს, „ლივერპულს“ ესტუმრება, ხოლო ლიგა 1-ის მომდევნო ტურში 16 მარტს, „მარსელს“ უმასპინძლებს.