ფეხბურთი

20:59 | 21.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების სუსტი რგოლი: სტანდარტული სიტუაციები

იტალიის ნაკრებმა ბოლო მატჩებში სტანდარტული სიტუაციებიდან ძალიან ბევრი გოლი გაუშვა.

კუთხურიდან ან ჯარიმიდან (გათამაშების შედეგად ან პირდაპირ) იტალიის ნაკრებმა ბოლო 9 გოლიდან 8 გოლი გაუშვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.

ამის შესახებ „სკუარდა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გერმანიასთან მატჩის (1:2) შემდეგ თქვა:

„გერმანელები ძალიან მაღლები იყვნენ, სიმაღლეში დიდი სხვაობა იყო. ყველამ იცის და ჩვენც ვიცით, რომ სტანდარტებიდან ბევრი გოლი გავუშვით, ამაზე ლაპარაკიც საჭირო არაა. გერმანიაში მატჩის მოსაგებად წავალთ, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“, - აღნიშნა სპალეტიმ.

იტალიამ სტანდარტებიდან ორი გოლი ისრაელისგან, ორი ბელგიისგან, სამი საფრანგეთისგან და ერთი გერმანიისგან გაუშვა. გამონაკლისია გერმანიის მეორე გოლი, რომელიც სხვათა შორის, ასევე ჩაწოდებას მოჰყვა და თავით გაუტანეს, ოღონდ სხვაობა ისაა, რომ კლაინდიენსტის გოლი სტანდარტულის გათამაშებას არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები ერთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში გერმანიასთან საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა.

0.169587