თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იბრძვის.
73 კგ წონით კატეგორიაში შავდათუაშვილმა ფინალამდე მისვლა რუმინელი ლუსიან დუმიტრესკუს, აზერბაიჯანელი რუფატ შოვლატოვის, ავსტრიელი სამუელ გასნერისა და ფრანგი იოან-ბენჟამინ გაბას ძლევით მოახერხა. ლაშამ ნახევარფინალი დამატებით დროში ლამაზი გდებით მოიგო, რომელიც იპონად შეფასდა. ფინალში შავდათუაშვილის მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი არმენ აღაიანი იქნება.
ამავე წონაში მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და გიორგი ჩიხელიძე გამოვიდნენ, მაგრამ მედლისთვის ვერ იბრძვიან. ყველაზე ახლოს ამასთან ბახბახაშილი იყო, რომელმაც რეპეჟაშის შეხვედრა დათმო.
81 კგ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილმა ისრაელის წარმომადგენელი იანივ აგრონოვი, უნგრელი ბოტონდ ტოტი და ფრანგი უმარ ჯალო დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში მოლდოველ პეტრუ პელივანთან წააგო და ბრინჯაოსთვის უბრძოლებს, რომლისთვისაც ფრანგ არნო არეგბას შეხვდება.
ირაკლი ბეროშვილმა შვეიცარიელო ორელინ ბონფერონი, უზბეკი სუხრობ ტურსუნოვი და მონღოლი შინებაიარ ოიუნჩიმეგი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ვედათ ალბაირაკლისთან მარცხი განიცადა, შესაბამისად, ბრინჯაოსთვის იბრძოლებს, სადაც კანადელ ფრანსუა გაუტიე დრაპოს გაეჯიბრება.
ამავე წონაში ვლადიმერ ახალკაცი და კოტე კაპანაძე გამოვიდნენ, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას ისინი გამოეთიშნენ.
ქალთა შორის დღეს გვანცა მჭედლიშვილი (63 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) გამოვიდნენ, მაგრამ ორივე მათგანი პირველივე წრეში დამარცხდა. დღეს, ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანი ოქროს, თემურ ნოზაძე ვერცხლს, ხოლო ნინო ლოლაძე ბრინჯაოს დაეუფლა.









