საქართველო კალათბურთში ევროპის 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ დაადასტურა.
კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრები მიმდინარე წლის 8-16 აგვისტოს თბილისში შეიკრიბება და ევროპის ჩემპიონს გამოავლენს.
ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია:
"საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მეორე წელია, A დივიზიონშია და კალათბურთის ფედერაციას სურვილი ჰქონდა, ფინალური ეტაპის მონაწილეებისთვის თბილისში ემასპინძლა. ჩვენმა ფედერაციამ ფიბა-ს აღმასრულებელ კომიტეტთან და მთლიანად, ხელმძღვანელობასთან ამ მიმართულებით დიდი სამუშაო გასწია, რის შემდეგაც, ევროპული კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. ფიბა-მ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს არაერთი უმაღლესი დონისა და მასშტაბის საერთაშორისო ტურნირისთვის წარმატებულად უმასპინძლია და ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო: საქართველო ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის A დივიზიონს პირველად უმასპინძლებს."
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა A დივიზიონის საგზური 2023 წელს მოიპოვა და ელიტაში ადგილი გასული წლის ზაფხულში, საბერძნეთში გამართულ ფინალურ ეტაპზე შეინარჩუნა.







