ფეხბურთი

18:15 | 7.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "პენალტის დარტყმა დავითაშვილს უნდოდა, მაგრამ კარდონასაც"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა თქვა, რომ „ლანსთან“ მატჩში (0:1) ზურიკო დავითაშვილს თავისივე მოპოვებული პენალტის დარტყმა უნდოდა.

თუმცა, თერთმეტმეტრიანი ირვინ კარდონამ შეასრულა და მეკარეს ვერ აჯობა. ახლა, როცა „სენტ ეტიენისთვის“ თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს, ამ პენალტის გაცუდება ორმაგად საგანგაშოა. მით უფრო, რომ კარდონასგან განსხვავებით, დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ორი პენალტი გატანილი აქვს.

„პირველი ტაიმი საკმაოდ კარგი გვქონდა, დავითაშვილის მეშვეობით საგოლე მომენტი დასაწყისში შევქმენით, შემდეგ უფრო გაგვიჭირდა, „ლანსი“ აგრესიული და უკეთესი იყო, ჩვენთვის რთული თამაში გამოდგა. პენალტით შეგვეძლო დაწინაურება, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ ამ მომენტზე ვიფიქროთ. ზურიკოს უნდოდა დარტყმა, თუმცა კარდონამ აიღო პასუხისმგებლობა, ზოგჯერ ასე ხდება.

ჯერ კიდევ მჯერა ადგილის შენარჩუნების, იმედი მაქვს, ფეხბურთელებსაც, თუ არადა, მაშინ უმჯობესია აღარ ვითამაშოთ. 6 მატჩია დარჩენილი, ოთხი შინ, ორი სტუმრად, სანამ იმედი არსებობს, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ლიგა 1-ში ყველა დეტალს ყურადღება სჭირდება, პენალტი უნდა გაიტანო, გოლები არ უნდა გაუშვა... უნდა გავიზარდოთ“, - თქვა ჰორნელანმა.

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ექვსჯერ საგოლე პასი მიითვალა, ერთხელ პენალტიც მოიპოვა.

„სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ში 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში, მომდევნო ტურში კი, 13 აპრილს, „ბრესტს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094818