ფეხბურთი

0:56 | 10.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას შოუ ჩემპიონთა ლიგაზე: დიდებული გოლი, პსჟ-მ უპირატესობა მოიპოვა

"პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩშინ "ასტონ ვილა" 3:1 დაამარცხა, რითაც ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

კლასში სხვაობა იმდენად იგრძნობოდა, რომ ძნელი წარმოსადგენია, 6 დღეში ლუის ენრიკეს გუნდმა ეს უპირატესობა გაანიავოს, მიუხედავად იმისა, რომ "ვილა პარკზე" თამაში ადვილი არაა და იქ "ასტონ ვილა" გაცილებით მძლავრი გუნდია.

ხვიჩა კვარაცხელია პარიზული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ულაპარაკოდ და უდავოდ: მან ულამაზესი გოლი გაიტანა, არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა და მეტოქის დაცვა უბრალოდ მოსვენების გარეშე დატოვა.

პსჟ-მ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, მწვავედ უტევდა, მაგრამ 100%-იანი საგოლე მომენტის შექმნა მაინც გაუჭირდა. მიუხედავად ამისა, 35-ე წუთზე „ასტონ ვილა“ დაწინაურდა, რაც თამაშის სურათის კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო.

ნუნუ მენდეშმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა, რითაც ინგლისელებმა შესანიშნავად ისარგებლეს, სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და გოლიც გაიტანეს, რომელიც მორგან როჯერსის აქტივშია. როჯერსი სწორედ იმ ზონაში იყო მარტო, რომელიც წესით მენდეშს უნდა დაეცვა.

თუმცა, პსჟ-ზე გაშვებულ გოლს ცუდად არ უმოქმედია, პირიქით, მალევე უპასუხა მეტოქეს. დეზირე დუემ გაიბრწყინა, რომელსაც ჯერ ემილიანო მარტინესმა აჯობა, მაგრამ წუთიც არ იყო გასული, 19 წლის ფრანგმა შემტევმა საჯარიმოს გარედან საოცარი დარტყმით რომ გაათანაბრა - 1:1.

მეორე ნახევარიც ისე დაიწყო, როგორც დასრულდა: პსჟ-ს დიდი უპირატესობით და 49-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ჯერიც დადგა. ქართველმა ფეხბურთელმა აქსელ დისასი ისე მოატყუა, თითქოს, ფრანგი მცველი იქ საერთოდ არ იყო და ცაციათი, მარტინესს ახლო კუთხეში გაუტანა, უძლიერესი დარტყმით. ხვიჩამ კარიერაში მეოთხე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე, მეორე პლეი-ოფში და მეორე მიმდინარე სეზონში.

პსჟ დაწინაურდა, მაგრამ შეტევაზე უარი არ უთქვამს. პარიზულ გუნდს კიდევ შეეძლო გატანა, ერთხელ გაიტანა კიდეც, კვარას პასით აშრაფ ჰაკიმიმ, რომელიც თამაშგარეში იყო და გოლი გაუქმდა. პსჟ-მ ბოლო წუთზე მესამე გოლი, რომელმაც ალბათ, ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა, მაინც გაიტანა. უსმან დემბელეს პასით ნუნუ მენდეშმა გაიტანა - 3:1.

„ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი 15 აპრილს გაიმართება და ნახევარფინალისტის ვინაობაც იქ გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს გუნდს სრულად ამ მატჩისთვის მომზადება და ფიქრი შეუძლია, რადგან უიქ-ენდზე ლიგა 1-ში არ ითამაშებს, „ნანტთან“ მატჩი 22 აპრილისთვის გადაუდეს, რათა „ასტონ ვილასთან“ შეხვედრისთვის იყოს კონცენტრირებული.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 5 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „ასტონ ვილა“ 3:1 (1:1)

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): დონარუმა; ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, მენდეში; ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი (ზაირ-ემერი 72); დუე (ბარკოლა 72), დემბელე, კვარაცხელია (რამოში 90)

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ასტონ ვილა (4-2-3-1): მარტინესი; კეში (დისასი 46), კოსნა, ტორესი, დინი; ტილემანსი (მაატსენი 80), კამარა; როჯერსი, მაკგინი (ონანა 80), რემზი (ასენსიო 59); რაშფორდი (უოტკინსი 80)

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 როჯერსი (35), 1:1 დუე (39), 2:1 კვარაცხელია (49), 3:1 ნუნუ მენდეში (90)

გაფრთხილება: კეში (17)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 29 (10) – 7 (2) ბურთის ფლობა: 75%-25% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მაურიციო მარიანი (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092132